ბეშუმში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა კიდევ გადავადდა

თბილისი (BPI) – კომპანია „ელიტ სქიი რესორტი“ ბეშუმში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2021 წლის დეკემბერში დაასრულებს.

კომპლექსი მოიცავს 60 ნომრიან სასტუმროს, კვების ობიექტებს, საკონფერენციო დარბაზს, სპორტულ-გასართობ ცენტრს. კომპლექსი აღჭურვილი იქნება ლიფტებითა და პანდუსებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოთი. ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელ-გასართობი ინფრასტრუქტურა.

კომპანიას პროექტის განხორციელება 2020 წლისთვის უნდა დაესრულებინა, თუმცა გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ელიტ სქი რისორტს“ პირგასამტეხლო ჰქონდა დაკისრებული. მენეჯმენტმა პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თხოვნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. კომპანიის არგუმენტაციაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის დასრულებულია შენობა-ნაგებობის ფასადის სამუშაოები და მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, აგრეთვე პროექტში განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმად შეიცვალა გეგმარება და მოეწყობა კურორტის მასშტაბით ყველაზე მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით სარემონტო, მოპირკეთების და ავეჯით მოწყობის სამუშაოებში გამოყენებული იქნება პირველი ხარისხის მასალები, რაც უზრუნველყოფს სასტუმრო ხარისხის მაღალ სტანდარტებს.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ კურორტ გოდერძის ლოკაცია არ იძლევა შესაძლებლობას მუშა-ხელის და დამსვენებლების ადვილი ხელმისაწვდომობისთვის, ვინაიდან გზის არ არსებობის პირობებში კომპანიის დანახარჯები, დრო და რესურსები გასამმაგებულია.

ამავდროულად კომპანიამ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული 4 მლნ ლარის ნაცვლად, 25 მლნ ლარი ჩადო.

აჭარის მთავრობამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები შეცვალა. მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანიას გაუუქმდა პირგასამტეხლო და კომპლექსის ჩაბარების ვადად 2021 წლის დეკემბერი განისაზღვრა.

კომპანია „ელიტ სქიი რესორტს“  პირდაპირი მიყიდვის ფორმით 2016 წლის მაისში 56344 ლარად საკუთრებაში გადაეცა კურორტ ბეშუმში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კომპანიამ უკვე წარადგინა ახალი საბანკო გარანტიაც.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …