თბილისი (BPI) – ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები დიზელის საწვავში ცეტანის რიცხვის, სიმკვრივის, გოგირდისა და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილის შემცველობის დადგენის მიზნით, 120 სინჯს აიღებენ.
შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია და სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” უზრუნველყოფს. კვლევის შედეგად, დადგინდება დიზელის საწვავის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.