თბილისი (BPI) – ეკონომიკას ციკლურობა ახასიათებს ახასიათებს და როგორც ყველა სხვა ბიზნესს, ისე საბანკო სექტორს შეიძლება ჰქონდეს როგორც მომგებიანი, ისე წამგებიანი წლები. ბოლო ზარალიანი პერიოდი საქართველოს საბანკო სექტორისთვის 2008-09 წლები იყო, რის შემდეგაც სექტორი საკმაოდ მაღალი მომგებიანობით ხასიათდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ციკლურობა გათვალისწინებული იყოს და მომგებიანი წლების დროს ხდებოდეს საკმარისი ბუფერების დაგროვება, რათა წამგებიან წელს სექტორი შესაბამის მზადყოფნაში შეხვდეს. ეროვნული ბანკი ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად ამკაცრებდა საზედამხედველო მოთხოვნებს და დღევანდელ გამოწვევას საბანკო სექტორი კარგად მომზადებული ხვდება.
ბანკების რეზერვები Q1/2020-ისთვის – რამ დააზარალა სექტორი
გუშინ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, საბანკო სექტორის პირველი კვარტლის საოპერაციო მოგებამ 386 მილიონი ლარი შეადგინა. წმინდა მოგება ნეგატიურია და მინუს 747 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი აქტივების მხოლოდ 1.5%-ია. ეს, ძირითადად, COVID-19-დან გამოწვეული ნეგატიური მოლოდინებისათვის რეზერვის შექმნით არის განპირობებული. კერძოდ, საბანკო სექტორმა, მარტის მდგომარეობით, 1.2 მილიარდი ლარის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი შექმნა და ეს რიცხვი წარმოადგენს მხოლოდ პოტენციურ (და არა რეალიზებულ) დანაკარგს. თავად რეზერვი კი, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ დანაკარგს ფაქტობრივად ექნება ადგილი, ბანკებს მომავალში საშუალებას მისცემს, თავიდან აირიდოს ფინანსური მდგრადობის რისკები.
წინა პერიოდებში საბანკო სექტორი მომგებიანი იყო. 2019 წელს ინდუსტრიის საშუალო წლიურმა მოგებამ (ROE) 20% შეადგინა, რამაც ბანკებს საშუალება მისცა კაპიტალის ადეკვატურობის ფარდობა (CAR) მაღალ დონეზე აეყვანათ. ამასთანავე, ეროვნული ბანკი ბანკებს უწესებდა დამატებითი კაპიტალის მოთხოვნებს, რამაც ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი კაპიტალის ბუფერი შექმნა, სწორედ მსგავსი სტრესული სიტუაციის გასამკლავებლად.
ამავე დროს, ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ მარტში ბანკებს 1.6 მილიარდის კაპიტალი გამოუთავისუფლა და გამოთქვა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, კაპიტალის დამატებით გამოთავისუფლებაზე. ამ გამოთავისუფლებული კაპიტალის გარდაც, არსებობს გაცილებით მეტი რეზერვი, რომელიც ბანკებს საშუალებას მისცემს მოვლენების უფრო ნეგატიურ განვითარებასაც გაუმკლავდნენ.
ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში საბანკო სექტორის ყოველწლიური საშუალო მოგება 900 მილიონ ლარს შეადგენდა, 2020 წელს მხოლოდ პირველი 3 თვის საოპერაციო მოგება 386 მილიონი ლარია. გაზრდილი საკრედიტო დანაკარგების გამო, წელს ბანკების წმინდა მოგება, შესაძლოა, ნეგატიური იყოს. თუმცა აღნიშნული სოლიდური საოპერაციო შემოსავლების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ.
მნიშვნელოვანია, რომ კომერციული ბანკის ფინანსური ანგარიშგება მუდმივად სამართლიანად ასახავდეს ბანკის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას. მათ შორის, ყურადღების განსაკუთრებული გამახვილება ხდება აქტივების ხარისხის კუთხით. გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ქართული საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა და ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს შესაძლებლობა, რომ ბანკების შესახებ მიიღონ მნიშვნელოვანი და დროული ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, საბანკო სექტორი ხშირად ხდებოდა არასამართლიანი კრიტიკის ობიექტი (ე.წ მაღალი მომგებიანობა), მაშინ როდესაც სხვა ეკონომიკური სუბიექტები ვერ უზრუნველყოფენ მაღალი დონის გამჭვირვალობას და, ამდენად, კრიტიკასაც არიდებენ თავს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გონივრული საზედამხედველო პოლიტიკის გატარების შედეგად, მიმდინარე წელს პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად საკმაოდ დიდი ბუფერები არსებობს და საბანკო სექტორის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.