ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton 2022 წელს გაიხსნება

თბილისი (BPI) – 2022 წელს ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება.

სასტუმრო ბაკურიანში, თბილისის ცენტრიდან და ქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 185 კილომეტრში აშენდება.

სასტუმროში თანამედროვე დიზაინის 116 ნომერი, ლობი ბარი და რესტორანი განთავსდება, სადაც სტუმრებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდებიან. აქვე იქნება, როგორც გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრები, ასევე დახურული საცურაო აუზი. Four Points by Sheraton Bakuriani იდეალური ადგილი იქნება მოგზაურობისა და დასვენების მოყვარული სტუმრებისთვის, მათთვის სანახაობრივი და მიმზიდველი ადგილების  გასაცნობად. სასტუმროს ირგვლივ მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის უნიკალური ტყე-პარკიც. საქმიანი ვიზიტით მგზავრობის მსურველთ შეუძლიათ ისარგებლონ 150 სტუმარზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზებითა და პარკინგით.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით Marriott International–სა და საქართველოს კერძო კომპანიებს შორის ხელშეკრულება 2019 წლის ბოლოს გაფორმდა.

პროექტის ინვესტორი კომპანია „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლია“, სასტუმროს  დეველოპმენტს ჯგუფის შვილობილი კომპანია „სიმეტრია“ განახორციელებს. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ სასტუმროს მართვას ამავე ჯგუფის წევრი კომპანია Hotel Collection International-ი უზრუნველყოფს.

”მოხარული ვართ, რომ საქართველოში პირველად Four Points by Sheraton იხსნება.  Marriott International– თან ხელშეკრულების  გაფორმების შემდეგ, ეს იყო „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლისა“ და ყველა ჩვენთაგანის საოცნებო პროექტი. ჩვენი მდიდარი კულტურის, ისტორიული ქალაქებისა და მრავალი უნიკალური ადგილის წყალობით, საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად იქცა. მხოლოდ 2019 წელს ჩვენ 9,357,964 უცხოელ ტურისტს ვუმასპინძლეთ. მსოფლიოს ერთ – ერთ უმსხვილეს სასტუმროს ფრენჩაიზინგულ კომპანიასთან მუშაობა საშუალებას მოგვცემს გავიმყაროთ ჩვენი პოზიციები ბაზარზე და მოვიზიდოთ უფრო მეტი უცხოელი ტურისტი. Hotel Collection International-ს, როგორც საქართველოს ერთგულ პარტნიორს,  სასტუმროების მაღალი სტანდარტებით მართვის საიმედო რეპუტაცია გააჩნია. ჩვენი ჯგუფის წევრის  „სიმეტრიას“ წარმატება ასევე  ინვესტიციების ეფექტურად მართვას, პროექტების მაღალი ხარისხისა და ვადების დაცვით განხორციელებას ეფუძნება. ეს პროექტი ჩვენი გუნდის სტრატეგიული ამოცანის მიღწევაში დაგვეხმარება, რომლის მთავარი მიზანია – ”საქართველოში ინვესტიციების ზრდის  ხელშეწყობა”, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს  საქართველოს სწრაფ  ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას“ – განაცხადა „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯახუტაშვილმა.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავხსნათ  პირველი Four Points by Sheraton-ის სასტუმრო საქართველოში. სასტუმრო თავისი თანამედროვე და კომფორტული გარემოთი შესანიშნავი ადგილი იქნება საქმიანი ვიზიტით მყოფი სტუმრებისა და დამსვენებლებისთვის, რომლებთაც დროის გატარება ქალაქის შუაგულში სურთ. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ჩვენ ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს, რათა გავაფართოვოთ ჩვენი პორტფოლიო და წვლილი შევიტანოთ ქვეყნის   ტურიზმის სექტორის განვითარებაში“ – განაცხადა  Hotel Collection International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სებასტიან ლოდერმა.

„საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლი“ სხვადასხვა საერთაშორისო კერძო ინვესტიციებით განხორციელებულ პროექტებს მართავს, რომელთაგან უმეტესობა ყაზახურ ინვესტიციას წარმოადგენს. კომპანიის საინვესტიციო პორტფოლიოში შედის ტურიზმი, უძრავი ქონების განვითარება, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და წარმოება. ინვესტიციის მთლიანი ღირებულება 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით 150 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა.

Hotel Collection International (HCI) ესპანეთსა და საქართველოში მულტიბრენდული სასტუმროების მართვის ლიდერი კომპანიაა.  HCI ფრანჩაიზული ხელშეკრულებების საფუძველზე თანამშრომლობს ისეთ წამყვან სასტუმროების ბრენდებთან, როგორიცაა Hilton, Marriott, IHG, Wyndham და Best Western.

უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრია“ „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლის“  წევრი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე უძრავი ქონების სექტორში 2011 წლიდან იმყოფება.

ამჟამად მისი საქმიანობა უძრავი ქონების განვითარების მიმართულების ფართო არეალს მოიცავს. მათ შორისაა: საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრები.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …