თბილისი (BPI) – ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია.
ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება.
ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის კომპანია „ეიერ-მერიდიანსისთვის“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულების გადავადებისა და პირგასამტეხლოს გაუქმების საფუძველი.
როგორც აღმოჩნდა, მშენებლობის გაჭიანურება გამოწვეულია ცნობილ ბრენდებთან მოლაპარაკებით. აუცილებელი გახდა პროექტის სრული რევიზია. გადაიხედა ორივე სასტუმროს ფუნქიონალური დატვირთვა და მოხდა ბიზნესისა და დამსვენებელი ტურისტების სპეციფიკის გამიჯვნა. გამიჯვნის შედეგად, 120 ნომრიან სასტუმროში განთავსდება ბიზნეს სეგმენტი და მოხდა შესაბამის ინფრასტრუქტურის დაგეგმარება (დიდი და პატარა საკონფერენციო დარბაზები, კოვორქინგის სივრცე და ა.შ), მეორე სასტუმრო – 101 ნომერზე გათვლილი ითვალისწინებს დამსვენებელ სეგმენტზე ორიენტირებულ ინფრასტრუქტურას (სპა, დახურული აუზი, რესტორანი, საღონისძიებო ტერასა და ა.შ). ცვლილება შევიდა კონსტრუქციულ ნაწილშიც.
კომპლექსი კახაბრის დასახლებაში მოიცავს 220 ნომრიან სასტუმროს, მინიმუმ 600 აპარტამენტს, სამორინეს, საკონფერენციო დარბაზს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრს. 13 000 კვ.მ-ზე მოეწყობა სარეკრეაციო ზონა, ავტოსადგომი, კვების ობიექტები.
პროექტის განხორციელებაში ინვესტორი მინიმუმ 30 მლნ დოლარის ინვესტირებას და 300 ადამიანის (80% საქართველოს მოქალაქეები) დასაქმებას გეგმავს.
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში 29445 კვმ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ 2,091 მლნ დოლარად 2015 წლის მაისში შეიძინა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმებით კომპლექსის მშენებლობა 2022 წლის სექტემბერში დასრულდება.