ბაზისბანკმა თსუ-ს სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულებს ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია გადასცა

თბილისი (BPI) – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პიარსა და მარკეტინგში ყოველწლიური კონკურსის „მისია 2019“ ფინალური ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსის პირველ ტურში მონაწილეებმა უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული დავალება შეასრულეს, კონკურსის მეორე ეტაპზე კი, ჟიურის მიერ შერჩეულმა ხუთმა ფინალისტმა გუნდმა ბაზისბანკისგან მიიღო დავალება – განათლების ხელშემწყობი კამპანიის წარდგენა. 

ფინალისტი გუნდებიდან სამი საუკეთესო კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ „ბაზისბანკი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თამარ ხადური, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს პროგრამული დირექტორი სალომე ზურაბიშვილი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“-ს მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, საკომუნიკაციო ჯგუფ „ანაგრამას“ დამფუძნებელი თაკო როდონაია  და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მარკეტინგის მენეჯერი, მწერალი დათო გორგილაძე.
ფინალურ ტურში გასული ხუთი გუნდიდან პირველ ადგილზე გავიდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების გუნდი „100%“ პროექტით „მაღალმთიან რეგიონებში ქალთა ფინანსური განათლების ხელშეწყობა ტურისტული ბიზნესის განსავითარებლად“, მეორე ადგილზე  –  გუნდი „კანუდოსი“, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა „Creative Thinkers.“

„საუკეთესო პროექტს, რომელიც გავიდა პირველ ადგილზე, არ შემოვდებთ თაროზე. „ბაზისბანკი“ უზრუნველყოფს მის რეალობაში განხორციელებას ავტორებთან ერთად.“ – აღნიშნა „ბაზისბანკი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თამარ ხადურმა.

გამარჯვებულ სამეულს ბაზისბანკისგან ფულადი თანხა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია გადაეცა: პირველი ადგილის მფლობელ გუნდს 2500 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს – 1500 ლარი, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს – 1000 ლარი. 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …