ბაზისბანკმა $15.6 მლნ-ის რესურსი მიიღო

თბილისი (BPI) –  „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკმა“ ბაზისბანკს 10 მილიონი აშშ დოლარის და 5 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი გამოუყო, რაც  მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების განვითარებას მოხმარდება.

„მოხარული ვართ, განვაგრძოთ და გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორთან. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კლიენტების ხელშეწყობა. ახალი შეთანხმება მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების შემდგომი ზრდის შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს. „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკთან“  გრძელვადიანი პარტნიორობა ადასტურებს ჩვენს ინსტიტუტებს შორის ნდობის მაღალ ხარისხს. გვჯერა, რომ ახალი შეთანხმება ჩვენი ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის ეფექტიანი გაგრძელება იქნება.“ განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

„დღეს ხელს ვაწერთ ახალ საკრედიტო შეთანხმებას საქართველოში ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ფინანსურ პარტნიორთან „ბაზისბანკთან“. ბაზისბანკთან თანამშრომლობით „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკი“ ხელს შეუწყობს ქვეყანაში მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა  განვითარებას, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნეს შემოსავლიანობის გაუმჯობესებას და, შესაძლებლობის ფარგლებში, ბისეკის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას. პროექტი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ახორციელებს „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკი“ წევრი ქვეყნის მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას მათთვის ფინანსურ სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფის გზით. ბანკი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს მათი საქმიანობის საწყისი ეტაპიდან მომდევნო განვითარებამდე, რითაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას და ასტიმულირებს დასაქმებას.

ბაზისბანკი ასევე არის „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკის“ პარტნიორი საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებაში. 2012 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ორჯერ გაიზარდა 2013 და 2015 წლებში. დღეისთვის, ბანკის მიერ აღნიშნული ხაზის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.  ეს საერთაშორისო ვაჭრობის რესურსის ათვისების ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკის“ სხვა პარტნიორ ქვეყნებშიც. საკრედიტო ხაზის მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის დაფინანსებაზე მოდის. თურქეთი რეგიონულ ვაჭრობაში საქართველოს ტრადიციული პარტნიორია, რასაც ხელს უწყობს ხელსაყრელი ადგილმდებარეობა.  თურქეთი საქართველოსთვის პირველი იმპორტიორი ქვეყანაა 1.4 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით, საქართველოს თურქეთში ექპორტის მაჩვენებელი კი, თითქმის 230 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

მოხარული ვართ, განვაგრძოთ მიზნობრივი სექტორების მხარდაჭერა და ხელი შევუწყოთ „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკის“ წევრი სახელმწიფოების ეკონომიკურ განვითარებას.“ განაცხადა „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკის“ პრეზიდენტმა დმიტრი პანკინმა

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …