აწარმოე საქართველოში ახალი კომპონენტი დაემატა – რას სთავაზობს სახელმწიფო საზღვაო თევზჭერის ინდუსტრიას

თბილისი (BPI) – პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი მიმართულებები დაემატა. განახლებული პროგრამა მთავრობამ დაამტკიცა. სექტორებს შორისაა საზღვაო თევზჭერის ინდუსტრია.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში საზღვაო თევზჭერის ინდუსტრია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული დარგია, რომელსაც უკვე პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებას გაუწევს და განვითარებაში დაეხმარება.

საქართველოში დაახლოებით 30-მდე თევზსაჭერი გემი (სეინერი) არსებობს, რომლებზეც 500-მდე ქართველი მეზღვაურია დასაქმებული. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გემები უკვე ძველია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, 8 გემს კი სტატუსი აქვს შეჩერებული.

„ეს პრობლემას უქმნის დარგს, თევზჭერაში დასაქმებულ ადამიანებს, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნება ახალი სფერო, ახალი დარგი, რომელსაც ჩვენი პროგრამა გაუწევს დახმარებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში შესული ცვლილებები ითვალისწინებს სესხის თანადაფინანსებას 2 – წლიანი ვადით. გემის ლიზინგის ღირებულების ჩარჩოები 100,000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე იქნება, ხოლო სესხის მოცულობა 150,000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე. შედეგად, ადგილობრივი მეთევზეები შეძლებენ თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენას. მთავრობის ინიციატივა „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის მიმართულების დამატების შესახებ ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარებას და თევზჭერი ფლოტის მნიშვნელოვან განახლებას და დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც შედეგად თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მოიტანს.

იმ ახალ მიმართულებებს შორის, რომლებიც პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა, ასევე შედის: ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტი; ტურისტული სერვისები, როგორიცაა თემატური პარკები (მაგალითად, ეთნოგრაფიული პარკები და სხვ) და სათავგადასავლო ტურიზმი; კერამიკის წარმოება.

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …