თბილისი (BPI) – კომპანია „სოკარი“ განაგრძობს შშმ პირთათვის სპორტული პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ მხარდაჭერას. ამჯერად, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანებისთვის სპორტულ თავგადასავალს თბილისის ზღვის კლუბმა უმასპინძლა. “ახალგაზრდული მედია კავშირმა” “საქართველოს საკრეისერო აფროსანთა ასოციაციასთან ერთად”, ჩვენს რეგიონში პირველად, ინტეგრირებული რეგატა გამართა.
მონაწილეებს ინსტრუქტაჟი პროფესიონალმა აფროსნებმა ჩაუტარეს. ამ სფეროში საკუთარი თავი 16-მა ადამიანმა გამოსცადა. გამოვლინდა 4 გამარჯვებულიც, რომელთაც დიპლომები და მედლები გადაეცათ.
რამდენიმე დღიანი ინტერვალის შემდეგ, შშმ პირთათვის „ახალგაზრდული მედია კავშირის“ ორგანიზებით, ლისის ტბაზე სტარტი აიღო ინტეგრირებულმა ველომარათონმა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო „აჰილესი“.
აქტივობა პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა’’ ფარგლებში გაიმართა და მიეძვნა საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია „აჰილესის“ ოფიციალური წამომადგენლობის „აჰილეს თბილისი ჯორჯიას“ დაფუძნებასა და პარასპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ პარაველოფედერაცია შექმნეს დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ინტეგრირებულ ველომარათონში მონაწილეობა მათთან ერთად პროფესიონალმა და მოყვარულმა ველომრბოლელებმაც მიიღეს.
პროექტი ხელს უწყობს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანებისთვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლებას და მათი შესაძლებლობების წარმოჩინებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
უკვე ორი წელია, კომპანია „სოკარი“, „ევროპაბეთთან“ ერთად მხარს უჭერს პროექტს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“. პროექტის აქტივობებში ყოველწლიურად 500 ზე მეტი შშმ პირი, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანი მონაწილეობს .
პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.