არველაძე: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა ქართველ მეწარმეებს განვითარების ახალი შესაძლებლობები გაუჩინა

თბილისი (BPI) – შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში, საქართველო – ჩინეთის და ასევე, საქართველო – ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნების თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებული პრეზენტაციები გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

გენადი არველაძემ ისაუბრა ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს და საქართველო – ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით განსაზღვრული დებულებების შედეგად. არველაძის განცხადებით, ორივე შეთანხმება სრულად პასუხობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს და ხელს უწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა ქართველ მეწარმეებს გაუხსნა გზა ახალი ბაზრებისკენ, სადაც მთელი რიგი პრეფერენციებით შეუძლიათ საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტი, ამავე დროს, ეს არის მათთვის დიდი გამოწვევაც, რადგან მათი პროდუქცია უნდა პასუხობდეს გარკვეული სახის სტანდარტების დაცვას. ამავე დროს, მათი დაცვის შემთხვევაში მოგებული დარჩება არა მხოლოდ მეწარმე, არამედ მომხმარებელიც. არაერთი ფაქტი არსებობს, როდესაც ქართველმა მწარმოებლებმა შეძლეს, გამოეყენებინათ აღნიშნული შესაძლებლობა და ჩვენ მათ მივესალმებით,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. გენადი არველაძემ ასევე აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების დადებითად აისახება ქვეყნებს შორის საქმიანი წრეების დაახლოების პროცესზე.

საქართველოსთვის, მომსახურების ექსპორტის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა და მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებები ასევე შეეხო მომსახურებით ექსპორტის ლიბერალიზაციის საკითხებს. შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომ თანამშრომლობაზე ამ სფეროში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვნად მზარდი სექტორია.

შეხვედრის ფარგლებში გენადი არველაძემ ასევე უპასუხა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ, შეთანხმებებთან დაკავშირებულ კითხვებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …