ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული, არასტაციონარული სავაჭრო ადგილების საკონტროლო სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულება 2023 წლის 1 იანვრამდე გადავადდება ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა, ამას ითვალისწინებს დავით სონღულაშვილის, ნინო წილოსანის, ეკა სეფაშვილისდა სხვა დეპუტატთა საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დღევანდელ სხდომაზე.
პარლამენტის წევრის, ეკა სეფაშვილის განმარტებით, ცვლილების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ გლობალურმა პანდემიამ მთელი რიგი ცვლილებები გამოიწვია ეკონომიკური საქმიანობის კუთხით, „პანდემიამ განსაკუთრებული დარტყმა სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს მიაყენა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ეს ვითარება და ერთი წლით გავახანგრძლივეთ ამ ვალდებულების შესრულების ვადა. ასევე ერთი წლით იქნება შეჩერებული ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს სალარო აპარატების არქონის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებას“,- განაცხადა მომხსენებელმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი გამარტივებული წესით განიხილავს.