არაგვიჰესი არარ აშენდება

თბილისი (BPI) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გუდამაყრის ხეობაში „არაგვი ჰესი და არაგვი 1“ ჰესის მშენებლობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება გასცა.

„პროექტი სამინისტრომ ზედმიწევნით დეტალურად განიხილა. ჩვენ ენერგეტიკის პოტენციალის გამოყენებას დიდ პრიორიტეტად მივიჩნევთ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ბუნების ხარჯზე. ჩვენ ვერ დავინახეთ სათანადო დასაბუთება წარმოდგენილ პროექტებში. ამიტომ ეს ჰესები ასეთი პროექტებით ვერ განხორციელდება. ის წინააღმდეგობაში მოდის სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან, რაც უკავშირდება არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნას ამ ტერიტორიაზე. სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და კომპანიას უარი ეთქვა ჰესების მშენებლობაზე. „არაგვი ჰესი და არაგვი 1 ჰესი“ საფრთხეს უქმნიდა იმ ლანდშაფტის ბუნებრივ მემკვიდრეობის შენარჩუნებას რაც ამ ხეობაშია, ვსაუბრობ ფლორის უნიკალურობაზე, წითელი ნუსხის სახეობებზე და ა.შ.“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ჰესის განთავსება გეგმარებითი დაცული ტერიტორიების საზღვრებში გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების რისკების შეფასების გარეშე დაიგეგმა. ასევე არ შეფასდა გეგმარებით დაცულ ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ზეგავლენის ასპექტები.

აღსანიშნავია, რომ არაგვის გეგმარებითი დაცული ლანდშაფტი იქმნება გუდამაყარში, ფშავსა და პირაქეთა ხევსურეთში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვის, აღდგენის და გონივრული გამოყენების მიზნით.

ფშავ-ხევსურეთში წარმოდგენილი ფლორის 20-ზე მეტი სახეობა შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში. ფშავ-ხევსურეთის ფლორა შეიცავს საქართველოს 11 და კავკასიის 230-ზე მეტ ენდემურ სახეობას, რაც ნიშნავს, რომ ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების 22.5% საქართველოს ან კავკასიის ენდემია. გარდა ამისა, მინიმუმ 8 მათგანი მეტად იშვიათი სახეობების კატეგორიას განეკუთვნება.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …