აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7% შეადგინა

2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 4.7 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-7.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-6.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-1.0 პროცენტი). ფასები მომატებულია ხილსა და ყურძენზე (1.1 პროცენტი), ასევე ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (1.1 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.23 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.9 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.1 პროცენტიანი მატება, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ტანსაცმლის (2.7 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (0.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (1.1 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (1.0 პროცენტი).
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2023 წლის აპრილის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.04 პროცენტული  პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (10.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (10.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), თევზეული (6.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.5 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე (-14.8 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-4.4 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.3 პროცენტიანი მატება, რაც 1.05 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (31.0 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.6 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.9 პროცენტით, რაც -1.66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20.5 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.8 პროცენტი).
ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (8.0 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9 პროცენტით, რაც -0.78 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო  პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.6 პროცენტი).

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …