თბილისი (BPI) – საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის, გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს მიიღო.
სააგენტოს სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ახალი ტენდერის ჩატარებას უკავშირდება.
ნათია თურნავამ ანაკლიის პორტის პრიორიტეტულობაზე კიდევ ერთხელ განაცხადა და შეგვახსენა, რომ ის ერთადერთი პროექტია, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული.
მისივე თქმით, მთავრობა მზადაა ფინანსურად, ქონებრივად – შესაბამისი მიწების გადაცემით, იურიდიულად და პოლიტიკურად მხარი დაუჭიროს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას.
მინისტრმა განაცხადა, რომ არსებობს კონკრეტული გეგმა, როგორ დაიწყოს პორტის პროექტის ხელახალი ტენდერი და მოზიდულ იქნას ახალი, უფრო წარმატებული ინვესტორი, რომელიც საბოლოო ჯამში, მთავრობასთან ერთად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ტენდერი დროულად და მაღალ დონეზე ჩატარდება – მთავრობა ამ პროცესში რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობას გეგმავს. „პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტენდერი ჩატარდეს დროულად, მაღალ დონეზე, გამჭვირვალედ, ისე, რომ ეს პირობები მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ხელშეკრულების გარკვეულ ინვენტარიზაციას, გავითვალისწინებთ მასში განხორციელებულ ყველა ცვლილებას ინვესტორის სასარგებლოდ. ასევე ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ პროცესში ვითანამშრომლოთ რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, ვისთანაც, ზოგადად არსებობს კარგი გამოცდილება, საერთაშორისო ტენდერების მაღალ დონეზე ორგანიზებაში მთავრობის დახმარების კუთხით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.