თბილისი (BPI) – თამუნა თანდაშვილი, რომელსაც ტურიზმის სამინისტროს შექმნის იდეა აქვს, მიიჩნევს, რომ სამინისტრო “მოსახლეობის გადასახადები საფლანგად” კი არ უნდა შეიქმნას, არამედ მისი მიზანი პრიორიტეტული საქმიანობის წინ წაწევა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა უნდა იყოს.
გავრცელებულ ახალ სტატუსში საავიაციო სექტორის წარმომადგენელი სამინისტროს ძირითად მიზნებზე წერს და აღნიშნავს, რომ მისი ინიციატივა მოქალაქეთა ნაწილმა საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა, რაც ინსტიტუციების მიმართ სანდოობის ხარისხსაც ადასტურებს.
“გასულ კვირას მოკრძალებული პოსტი დავწერე ტურიზმის გაძლიერების პერსპექტივებზე, რაც კერძო სექტორისთვის და საერთაშორისო კომპანიებისთვის იქნებოდა უფრო ეფექტური. მოქალაქეთა ნაწილმა საკმაოდ კრიტიკული შეფასებები გააკეთა, რამაც კარგად დაგვანახა სანდოობის ხარისხი ინსტიტუციების მიმართ. სამინისტრო იმისთვის კი არ უნდა შეიქმნას რომ “მოსახლეობის გადასახადები ფლანგოს” , არამედ პრიორიტეტული საქმიანობა წაწიოს წინ, რაც მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება. ტურიზმის სამინისტროს სტატუსი ბევრ ქვეყანაში აქვს საქმიანობის ამ სფეროს და მოიცავს ყველა ქვემდებარე ინსტიტუციას. აი მაგალითად, საერთაშორისო ავიაკომპანიამ საინტერესოდ ჩათვალა საქართველო და სურს შემოსვლა ბაზარზე, ვის უნდა ელაპარაკოს? აეროპორტების ოპერატორს, ტურიზმის ადმინისტრაციას თუ მთის კურორტების ორგანიზაციას? რამდენ კარზე დააკაკუნოს და არკვიოს ვინ მარკეტინგულ ბიუჯეტს გამოყოფს, ვინ ავიამიმართულებების პოპულარიზაციაზე დაელაპარაკება, თუ კურორტების პოპულარიზაციის პოლიტიკაში გაარკვევს? ამოცანა ის კი არ არის ახალი უფუნქციო სამინისტრო შექმნა, პირიქით უნდა გააერთიანო შინაარსით და ფუნქციით დაკავშირებული უწყებები და ერთი ვერტიკალით მართო. 2 წელიწადში ITB ბერლინის გამოფენაზე საუკეთესო პროდუქტები უნდა დავდოთ და არ უნდა გვეგონოს რომ ეს მხოლოდ საჯარო სექტორის საშინაო დავალებაა. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ხალხი და ცოტა მეტი ინიციატივა გვმართებს ალბათ”, – წერს თანდაშვილი.
იხილეთ თემასთან დაკავშირებით: უნდა არსებობდეს თუ არა საქართველოში ტურიზმის სამინისტრო?