აკვაკულტურა ციფრებში – თევზის წარმოება უმჯობესდება

თბილისი (BPI) – 2018 წლის ბოლოსთვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების საერთო ფართობი წინა წელთან შედარებით 2.4%-ით გაიზარდა და 4 410.5 ჰექტარი შეადგინა.

ტბორების ფართობმა 2 327.5 ჰექტარს მიაღწია, რაც 4.6%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე, აუზების ფართობი წინა პერიოდთან შედარებით 6%-ით შემცირდა და 25.9 ჰექტარით განისაზღვრა.

ქვეყანაში აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსაცავებისა და ბუნებრივი წყალსატევების (ტბა ან ტბის ნაწილი, მდინარის ნაწილი, ზღვის ნაწილი) ჯამური ფართობი კი 2 057.1 ჰექტარია. 2018 წლის მდგომარეობით, ტბორების ყველაზე დიდი ნაწილი კახეთში მდებარეობდა საერთო ფართობით – 1 515.4 ჰექტარი.  სამეგრელო-ზემო სვანეთში ტბორების ფართობმა  501.4 ჰექტარი, იმერეთში 145.3 ჰექტარი, დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 165.4 ჰექტარი შეადგინა.

აუზების ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლშია – 17.9 ჰექტარი. სამცხე-ჯავახეთში არსებული აუზების ფართობი შეადგენს 2.9 ჰექტარს, აჭარაში – 1.7 ჰექტარს, გურიაში – 1.5 ჰექტარს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში არსებული აუზების მთლიანი ფართობი 2.1 ჰექტარს არ აღემატება.

2018 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი, წინა წელთან შედარებით, 16.6%-ით გაიზარდა და  2 381.1 ტონა შეადგინა. ორაგულისებრთა წარმოებამ 1 475.5 ტონას მიაღწია, კობრისებრთა წარმოება 817.1 ტონას შეადგენს. გაზრდილია ორივე მათგანმის წარმოება. სამაგიეროდ შემცირდა ზუთხისებრთა წარმოება (75 ტონა) და ლოქოსებრთა (12.6 ტონა). ორაგულისებრთა წარმოებაში 99.2%-ით ცისარტყელა კალმახია წარმოდგენილი. კობრისებრთა წარმოებაში 44.4% მოდის კობრისა და სარკისებური კობრის, 40.6% – თეთრი და ჭრელი სქელშუბლას, ხოლო 14.5% – თეთრი ამურის წარმოებაზე.

2018 წელს თევზის წარმოების მიხედვით ლიდერობს შიდა ქართლი, რომელზეც მოდის ქვეყანაში წარმოებული თევზის 30.2%. სტრუქტურაში მეორე ადგილს იკავებს კახეთი – 27.8%-ით, მესამე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთი – 13.1%-ით, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამურად ქვეყანაში წარმოებული თევზის 28.9% მოდის.

2018 წლის ბოლოსთვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილ წყალსატევებში არსებული თევზის საერთო მოცულობა 17.1%-ით გაიზარდა და 2 421.1 ტონით განისაზღვრა. აქედან, კობრისებრთა ოჯახის წილი 59.0 პროცენტი იყო, ორაგულისებრთა ოჯახის – 24.2 პროცენტი, ზუთხისებრთა ოჯახის – 15.7 პროცენტი, ხოლო ლოქოსებრთა ოჯახის – 1.1 პროცენტი.

2018 წელს 1 კილოგრამი ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი ფერმის კართან (მწარმოებლის ფასი) 8.9 ლარი იყო, კობრისა და სარკისებრი კობრის – 7.0 ლარი, თეთრი ამურის –  6.0 ლარი, თეთრი და ჭრელი სქელშუბლას – 3.8 ლარი, რუსული და ციმბირული ზუთხის – 25.3 ლარი, ხოლო ევროპული ლოქოს – 14.9 ლარი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …