პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი აგროჰაბი ქსელში დასაქმებულ თსუ სტუდენტ-თანამშრომლებს სწავლის საფასურს დაუფინანსებს. ამის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და აგროჰაბის დირექტორმა ლაშა გოცირიძემ.
“ამ ხელშეკრულებით ჩვენს სტუდენტებს საშუალება მიეცემათ თავიანთ სამუშაო გრაფიკი შეუსაბამონ სწავლის პროცესს. დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა მსგავსი პროექტის განხორციელება. გამოჩნდა „აგროჰაბი“ ასეთი წინადადებით. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, რომელიც ღირსეული დასაქმებით გაზრდის სტუდენტების მოტივაციას სწავლისადმი,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
2021 წლის ნოემბრიდან სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოიყენონ უნიკალური შანსი, დასაქმდნენ აგროჰაბში და მიიღონ სასწავლო გრანტი 600 ლარამდე, რაც ზოგიერთი სტუდენტისთვის სწავლის დარჩენილი ნაწილის 90%-მდე შეადგენს. გარდა ამისა, სტუდენტი-დასაქმებულები ისარგებლებენ კომპანიის თანამშრომლებისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებითაც.
“ჩვენი მიზანია სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ სხვადასხვა სპეციალობაზე, მივცეთ შესაძლებლობა სწავლის პარალელურად დასაქმდნენ აგროჰაბში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენთან დასაქმებულებს შევუქმნათ კომფორტული გარემო. გვაქვს მუშაობის მოქნილი გრაფიკი, ანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკა, ბონუსების და ლოიალობის სისტემები და სხვა საინტერესო სამოტივაციო სქემები. ამ პროექტის წარმოწყებით კი, გვინდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც გარდა დასაქმებისა, პრიორიტეტი ასევე არის განათლება და განვითარება. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ინიციატივის დაფინანსებით აგროჰაბს თავისი წვლილი შეაქვს შრომისმოყვარე ახალგაზრდების განათლების საქმეში“- განაცხადა აგროჰაბის დირექტორმა ლაშა გოცირიძემ.
პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე ასეული დასაქმებული სტუდენტის წახალისება.
შემთხვევითი სიახლე
ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა
მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …