ცალკე აღებული ინტერვენციების იმედზე ყოფნა გაუმართლებელია, სხვა პერიოდშიც გვინახავს, რომ კურსი უფასურდება და მერე ისევ მყარდება – არ მინდა „განიავებული“ რეზერვი შეგვრჩეს – გიორგი აბაშიშვილი

ცალკე აღებული ინტერვენციების იმედზე ყოფნა გაუმართლებელი მგონია, რადგან სხვა პერიოდშიც გვინახავს, რომ კურსი უფასურდება და მერე ისევ მყარდება – არ მინდა „განიავებული“ რეზერვი შეგვრჩეს, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, “ჯეოქეისის” მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ვისთანაც დღეს ყველაზე ნაკლები პრეტენზია უნდა გვქონდეს, ეროვნული ბანკია. აბაშიშვილის შეფასებით, ის ვითარებას მართავს სწორად, ნაკლები პოპულიზმით.

„ვფიქრობ, გაუფასურების ნაწილში ყველაზე დიდი წილი ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება. რეალურად ვითარება გვაჩვენებს, რომ დღეს ყველაზე უფრო ნაკლები პრეტენზია ვისთანაც უნდა გვქონდეს, ეს ეროვნული ბანკია. ჯამში ვითარებას აფასებს და მართავს სწორად, ნაკლები პოპულიზმით. უკვე მერამდენე შოკის გადატანა უწევს, ესეც გასათვალისწინებელია, თუმცა, ასევე ვხედავთ, როგორ უმტკივნეულოდ მართა სანქცირებული „ვითიბი ბანკის“ ვითარება. ფაქტობრივად, ქვეყნის საფინანსო სისტემამ ვერაფერი იგრძნო. თითქოს რიგითი ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია იყო“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

რაც შეეხება სავალუტო ინტერვენციებს, მისივე თქმით, ასეთი ე.წ. „მუდმივი შოკის“ პირობებში სწორია, რომ კურსს შესწორების საშუალება მიეცეს და რეზერვების ხარჯვას ფრთხილად მოვეკიდოთ – მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ყველაზე მეტად გამართლებული იქნება.

„გუშინდელი ჩარევა მგონია, რომ სწორი იყო. ცალკე აღებული ინტერვენციების იმედზე ყოფნა გაუმართლებელი მგონია, რადგან სხვა პერიოდშიც გვინახავს, რომ კურსი უფასურდება და მერე ისევ მყარდება – არ მინდა „განიავებული“ რეზერვი შეგვრჩეს.

რაც შეეხება საერთაშორისო ტენდენციებს, ხშირად ხდება უკრაინულ გრივნასთან შედარება, რაც ტოტალურად შეცდომა და არაკვალიფიციური მიდგომაა. იმ დროს, როდესაც უკრაინაში სავალუტო ბაზარი და სავალუტო ოპერაციები გაჩერებულია, თქმა, რომ უკრაინაზე მეტად საქართველოში გაუფასურდა ვალუტა, წარმოუდგენელი არგუმენტია. სხვა მხრივ კი, ყველა სხვა ქვეყანას რომ თავი დავანებოთ, ვხედავთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში – პოლონეთში, უნგრეთში ვალუტა უფრო მეტად გაუფასურდა, ვიდრე ლარი, იგივე მდგომარეობაა ჩეხეთში. ამასთან, ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. ამ შემთხვევაში შეგვიძლია უფრო დადასტურებულად ვთქვათ, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკა ვითარების შესაბამისია და ეს ყოველივე გააძლიერებს ქვეყნის მედეგობას მორიგი შოკის დაძლევასთან მიმართებით“,- განაცხადა აბაშიშვილმა.

წყარო: IPN.ge

შემთხვევითი სიახლე

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

17 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9654 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, …