ურუშაძე: სატრანსპორტო სექტორში ინვესტიციები მცირდება, შეჩერებულია პროექტები

თბილისი (BPI) – სატრანსპორტო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო ორი წლის განმავლობაში 2-ჯერ არის შემცირებული, შეჩერებულია ათობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის  საერთაშორისო რეიტინგებზე, – ამის შესახებ HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმას ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის საერთო მდგომარეობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში 76-ე ადგილი უკავია, რაც 2012 წელთან შედარებით 22 ადგილით გაუარესებული მაჩვენებელია.

“საქართველოს სატრანსპორტო სექტორში ყველაზე ცუდი მდგომარეობა რკინიგზაშია, 2012 წლიდან დღემდე 57%-ით არის შემცირებული სატრანზიტო გადაზიდვები. საქართველოს რკინიგზის შემოსავლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 50%-ით არის შემცირებული და ნაცვლად განვითარებისა ის საქართველოს ეკონომიკაში  შავი ხვრელის როლს ასრულებს.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განვითარების დონე არც თუ ისეთი მაღალია, არსებულ მდგომარეობას რკინიგზის განვითარების დონე ერთი საუკუნით ჩამორჩება.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარების გარეშე. წარმოუდგენელია ქვეყანა „Doing Business“-ს რეიტინგში იკავებდეს მე-6 პოზიციას და ამავდროულად, ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში ის 119-ე ადგილით პოზიციონირებდეს და ჩამოვრჩებოდეთ, ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ყირგიზეთი, უზბეკეთი და სომხეთი. მაშინ როცა ბიზნესის კეთების ეფექტიანობას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გლობალური კონკურენტუნარიანობა განსაზღვრავს,“ – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …