საპენსიო სააგენტოს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით ბიზნესის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

საპენსიო სააგენტოს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით დამსაქმებლებთან სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ“ -ში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდნენ, საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე ლევან ვერძეული. გოგა მელიქიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია, განიხილა საინვესტიციო პროცესები და არსებული შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სიახლეს, რომელსაც 6 აგვისტოდან აამოქმედებს საპენსიო სააგენტო.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან ამოქმედდება სამი განსხვავებული საინვესტიციო პორტფელი. დამზოგველებს შეეძლებათ მათი დაგროვილი თანხა რისკიანობის სხვადასხვა პორტფელში განათავსონ.

„დღეისათვის, საპენსიო სააგენტო რეგიონში საუკეთესო შედეგებს აჩვენებს, ინვესტირებიდან მიღებული სარგებელი უკვე 600 მილიონს აჭარბებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილემ იცოდეს ის შესაძლებლობა რაც 6 აგვისტოდან ეძლევა. მათ მიერ შერჩეული საინვესტიციო პორტფელის მიხედვით მოხდება დანაზოგების განთავსება და ინვესტირება, რაც მეტი სარგებლის მიღების საშუალებას მისცემს ყველა დასაქმებულს რომელიც ჩართულია სქემაში“.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, დამსაქმებლებს ჰქონდათ სიღრმისეული კითხვები და გამოირჩეოდნენ მაღალი ინტერესით.

ცნობიერების ამაღლების კუთხით საპენსიო სააგენტო შეხვედრებს თანმიმდევრულად ატარებს, მიმდინარე პერიოდში საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ ეკონომიკურ ექსპერტებს, კომპანიებს, ბიზნეს მედიის, ბუღალტერთა და ფინანსისტთა ჯგუფების წარმომადგენლებს. მსგავსი შეხვედრების ჩატარებას საპენსიო სააგენტო მომავალშიც გეგმავს.

 

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …