რა ტიპის ტრენინგებს სთავაზობს ენერგეტიკის ცენტრი საზოგადოებას

2022 წლის დასაწყისში  ქვეყანაში შეიქმნა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება.

ამ ეტაპზე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში არსებული ტრენინგები 4 ძირითადი მიმართულებით იყოფა და ხორციელდება, ესენია:

ენერგეტიკის მედია კლუბი

პროექტი „ენერგეტიკის მედია კლუბი“ 2014 წლიდან ხორციელდება. პროექტი ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც სემეკმა გაიზიარა USAID-ის „პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში, აშშ-ს კენტუკის შტატის კომუნალური მომსახურების სააგენტოს პროექტებიდან.

ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შემდეგ, პროექტი ხორციელდება ცენტრის ქუდის ქვეშ. პროექტის ძირითადი მიზანია მედიის წარმომადგენლების ცოდნის დონის ამაღლება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების თემებზე, მათ მუდმივი ინფორმირება აქტუალურ საკითხებზე. „ენერგეტიკის მედია კლუბში“ ტრენინგებს ატარებენ როგორც სემეკის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი კომპეტენციის მქონე მოწვეული სტუმრები, უწყებების ხელმძღვანელი პირები.

პროექტის ფორმატის პოპულარობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე სასწავლო ცენტრის დაფუძნებამდე პროექტის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან ერთად ტრენინგები გაიარეს სხვა პროფესიის წარმომადგენლებმაც. დღემდე პროექტის ფარგლებში ტრენინგები გაიარა 765-მა პირმა.

კონკურენციის სამართალი და ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში მისი აღსრულების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები

სასწავლო კურსი განკუთვნილია კონკურენციის სამართლის აღსრულებით, მათ შორის, ამ კუთხით ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობით დაინტერესებული სუბიექტებისათვის. კურსი მორგებულია როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის.

კურსის ფარგლებში მონაწილეები ეუფლებიან კონკურენციის სამართლის ძირითად ცნებებსა და პრინციპებს. ასევე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კარტელური გარიგებები და კონკურენციის შემზღუდველი სხვა სახის შეთანხმებები, კონცენტრაციების კონტროლი და კონკურენციის კანონმდებლობის სხვა ინსტიტუტები.ასევე, ყურადღება ეთმობა კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებას ენერგეტიკის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფინანსურ სექტორებში.

რეგულირების საფუძვლები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში

სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებით. კურსი მორგებულია როგორც უშუალოდ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დასაქმებულ პირებზე, ასევე იმ პირებზეც, რომლებსაც აქვთ ინტერესი ან/და საქმიანი კავშირი სასწავლო ცენტრის ფარგლებში შესასწავლ საკითხებზე.

სატარიფო რეგულირების პრინციპები

კურსი განკუთვნილია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისთვის, ბუღალტრებისთვის, სამომხმარებლო ტარიფების რეგულირების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

ტრენინგკურსის ფარგლებში ლექციებს კითხულობენ სემეკის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზისა და საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტების წარმომადგენლები, რომლებსაც გააჩნიათ დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება

 

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ცენტრის დამფუძნებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ), რომელსაც 2021 წლის 22 დეკემბერს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად განესაზღვრა დამატებითი უფლებამოსილება საგანმანათლებლო მიმართულებით.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …