მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე და სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს – მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები; კანონის რეგულირების სფერო და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებები. ასევე, რას მოიცავს კანონისმიერი გარანტია და ხელშეკრულებიდან გასვლის პირობები; რას გულისხმობს ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობები, უსამართლო კომერციული საქმიანობა და ა.შ. შეხვედრაზე კანონის ძირითადი მიზანი, კონტროლის მექანიზმები და განხორციელებული აქტივობები დეტალურად იქნა წარდგენილი.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი და ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია.

ჩვენი უწყება საქმის შესწავლას განახორციელებს სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა. მნიშვნელოვანი განვმარტოთ, რომ თუ მომხმარებელმა ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს, ხოლო 6 თვის შემდეგ ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში – მტკიცების ტვირთი გადავა მომხმარებელზე. ახალი კანონის თანახმად, შემოდის 14 დღიანი უპირობო დაბრუნების წესი, რომელიც ეხება მხოლოდ ონლაინ ვაჭრობას და სარეწგარეთ დადებულ ხელშეკრულებებს.

რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს – დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა.

კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია – მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია – პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება. ჩვენი უმთავრესი მიზანია – მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული და გარანტირებული, მეორეს მხრივ კი – მოვაჭრის მიერ, ყველა ვალდებულება მოწესრიგებული, რათა დარღვევის პრევენცია მაქსიმალურად მოხდეს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის და კონკურენციის ეროვნული სააგენტო, აღნიშნული მიმართულებით, მაქსიმალურად უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვას“, – განაცხადა შეხვედრაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. BAG-ის წარმომადგენლები და ბიზნეს ასოციაციაში შემავალი ჰოლდინგური ჯგუფების – მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის ბიზნეს ორგანიზაციის წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც მომხმარებლის უფლებების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები დეტალურად იქნა განხილული.

მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონთან დაკავშირებით, დაინტერესებულ მხარეებთან და სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს კანონის აღსრულება დაიწყო 2022 წლის 1 ნოემბრიდან. დღეის მდგომარეობით, უწყებაში შემოსულია 8 განაცხადი.

 

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …