კობა გვენეტაძემ მდგრად დაფინანსებაზე პრეზენტაცია წარადგინა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ  მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და IFC-ის მხარდაჭერით შექმნილი მდგრადი საბანკო ქსელის (SBN) ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

მაღალი დონის შეხვედრას, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, ჯორჯინა ბეიკერი უძღვებოდა, სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო განვითარებადი ბაზრების პროგრესს მდგრადი დაფინანსების კუთხით და SBN-ის ყოველწლიურ გლობალურ და წევრი ქვეყნების ინდივიდუალური ანგარიშების გამოქვეყნებას. მონაწილეებმა განიხილეს მიმდინარე გამოწვევები მდგრადი დაფინანსების განვითარების კუთხით და ერთმანეთს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების მნიშვნელობაზე არამარტო ფინანსური სტაბილურობის, არამედ ქვეყნის მდგრადი განვითარების კუთხითაც.

“დღითიდღე იზრდება იმ ცენტრალური ბანკების რიცხვი, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ინტეგრაციას ახდენენ. ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც SBN-ში გაწევრიანდა, აქტიურად მუშაობს. ამ ხნის მანძილზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ხელშესაწყობად”, –  აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ხელშესაწყობად. 2019 წელს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები. მდგრადი დაფინანსების შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს IFC-თან თანამშრომლობით მდგრადი დაფინანსების სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. მსგავსი ტიპის ღონისძიება წელსაც იგეგმება. ამ და სხვა მნიშნველოვანი ნაბიჯების შედეგია საქართველოს პროგრესი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით, რის შედეგადაც საქართველო SBN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების ექვსსაფეხურიან სისტემაში ორი საფეხურით დაწინაურდა.

შემთხვევითი სიახლე

9 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში ბიზნესის 249 მიმართვა შევიდა

თბილისი (BPI) – ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის 9 თვის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, …