ბიზნესსუბიექტებს თბილისის მერიისგან შეღავათების მისაღებად მიმართვის ვადა პირველ აპრილამდე აქვთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიზნესსუბიექტებს შეღავათების მისაღებად მიმართვის ვადა 2022 წლის პირველ აპრილამდე აქვთ.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის საკრებულომ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა უკვე დაამტკიცა.

„არსებული პანდემიის პირობებში, ძალიან დაზარალდა ბიზნესსექტორი. ჩვენი მხრიდან, შესაძლებლობების ფარგლებში, არაერთი მხარდამჭერი ღონისძიება იყო გამოცხადებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თანადგომას მომავალშიც გავაგრძელებთ.

საკრებულომ უკვე დაამტკიცა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა. მინდა მივმართო იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც აღნიშნულ საშეღავათო პროგრამაში ხვდებიან. ესენი არიან ძირითადად მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები, რომელთაც უნდა ჩამოვაწეროთ სანქცია-საურავები და გავათავისუფლოთ 2020-2021 წლის იჯარის გადასახადისგან. სურვილის შემთხვევაში მათთვის უნდა განისაზღვროს დამატებითი ვადა, ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებებს უნდა აღვუდგინოთ ვადები. ამისთვის საჭიროა, აღნიშნულმა სუბიექტებმა მიმართონ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რათა შესაბამისი ცვლილებები უმოკლეს დროში განხორციელდეს და შეძლონ მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათებით სარგებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, დაინტერესებულმა პირებმა მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის პირველ აპრილამდე უნდა მიმართონ.

 

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …