ბათუმი ArtFest „Argani”- სთვის ემზადება

თბილისი (BPI) – ბათუმში მასშტაბურ ფესტივალ „Argani“-სთვის მზადება მიმდინარეობს. ხელოვნების ფესტივალი-შოუს ელემენტებით – ყველაზე ფართომასშტაბიანი კულტურული ღონისძიება იქნება ერთ სივრცეში, რომელსაც ბათუმი სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
ArtFest “Argani”-სთვის ბათუმის ცენტრალური პარკის მოწყობა შესაბამისი კონცეფციით უახლოეს დღეებში დაიწყება. ფესტივალზე ცნობილი დიზაინერები იმუშავებენ.
წლევანდელ ფესტივალზე, ორგანიზატორების ინფორმაციით, სტუმრებს პირველად ინოვაციური ხელოვნების ნიმუშების ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ხელოვანები ახალ ნამუშევრებს მაყურებელთა წინაშე შექმნიან. ამ დღისთვის ბათუმს, სპეციალური სტუმრის სტატუსით, სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების ექსპერტები ეწვევიან. ღონისძიების სტუმრებს ფესტივალისთვის შექმნილი ფლაერ შოუს ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. ფესტივალში ცნობილი ბენდები იღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის დღეებში პარკში, თანამედროვე, ახალი ტექნიკით შესრულებული უნიკალური Art-ობიექტები შეიქმნება.
სტუმრებისთვის ფოტო და ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, სკულპტურების გამოფენა-გაყიდვა, ცივი მინანქრის, პოლიმერული თიხის, ტყავის, აქსესუარების დამზადებაზე უფასო მასტერკლასები და ფოიერვერკების შოუ გაიმართება. იოგით დაიტერესებულებისთვის იოგის კუთხე მოეწყობა.
ფესტივალზე ღია კინოჩვენებები გაიმართება, რასაც საერთაშორისო კინოფესტივალი „CineDoc“-უზრუნველყოფს. ArtFest-ზე რამდენიმე ქართველი დიზაინერის მოდელების ჩვენება და გაყიდვაა დაგეგმილი.
მასშტაბურ ფესტივალში ხელნაკეთი ნივთების 50 ოსტატი, 30 ცნობილი მხატვარი და ფოტოგრაფი, მუსიკოსები, სულ 120-ზე მეტი ხელოვანი მონაწილეობს.
ArtFest “Argani”, ბათუმში, 17 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიხსნება. სამი დღის განმავლობაში შოუ გვიან ღამემდე გაგრძელდება.

შემთხვევითი სიახლე

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს

თბილისი (BPI) – საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება,  სადაც საერთაშორისო სავალუტო …