რა ცვლილებები ამოქმედდება დღეიდან თამბაქოს კონტროლის კანონით

თბილისი (BPI) – 8 იანვრიდან ძალაში შევიდა თამბაქოს კონტოლის შესახებ კანონის ის მუხლი, რომელიც ფიზიკური პირის დაჯარიმებასაც ითვალისწინებს.

თამბაქოს კონტროლის ალიანსში განმარტავენ, რომ კონკრეტული მუხლის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, დახურულ სივრცეში ფიზიკური პირი ეწევა და არ ემორჩილება კანონს, პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორებით 200 ლარით, ყოველ შემდეგ ჯერზე კი 100-100 ლარით მეტი თანხით დაჯარიმდება.

„მხოლოდ ფიზიკური პირი იმ შემთხვევაში ჯარიმდება, თუ დაწესებულების ადმინისტრაცია მოწევის შეწყვეტისკენ მიუთითებს, ის კი არ დაემორჩილება. ადმინისტრაციის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევაში დაჯარიმდება ფიზიკური პირი. თუ ადმინისტრაცია ფიზიკურ პირს არ მოუწოდებს მოწევის შეწყვეტისკენ, ან მოუწოდებს, მაგრამ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არ გამოიძახებს საპატრულო პოლიციას, სხვა ინიციატორის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევაში დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ისე, იურიდიული პირი, ანუ დაწესებულების ადმინისტრაცია“, – განმარტავენ ალიანსში.

8 იანვრიდან ჯარიმა დაეკისრება იმ დაწესებულებებსაც, სადაც შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება. ამ დრომდე საფერფლის დაფიქსირება დარღვევად იმ შემთხვევაში ითვლებოდა, თუ მასში ფერფლი ან ნამწვი აღმოჩნდებოდა.

8 იანვრიდან ასევე ძალაში შედის მუხლი, რომელიც საავადმყოფოების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სპეციალური, მოსაწევი ადგილების დაშვებას ითვალისწინებს.

ალიანსში განმარტავენ, რომ სამწუხაროდ, ასევე ძალაში შედის ცვლილება კანონში, რომლის თანახმად, სლოტ-კლუბების გარკვეულ ნაწილში, სადაც ლიცენზიის მოსაკრებელი 200 000 ლარის ოდენობით აქვთ გადახდილი და 20 სათამაშო აპარატი ან მეტი უდგათ, მოწევა დაიშვება. თამბაქოს კონტროლის ალიანსი კიდევ ერთხელ აპროტესტებს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას და ვაცხადებთ, რომ 2019 წელს ვიბრძოლებთ ყველა დახურულ სივრცეში მოწევის ასაკრძალად, რათა არ არსებობდეს გამონაკლისი.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …