ქობულია: ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის პროექტი მოიზიდავს ახალ ტვირთებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბათუმის პორტში მულტიმოდალური ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

პრეზენტაციაზე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ამერიკული კომპანია Trammo გახდება Wondernet Express Investment Group -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროექტის ინვესტორი.

გიორგი ქობულიას თქმით, პროექტს დიდი შედეგიანობა ექნება როგორც ბათუმის პორტისთვის და აჭარისთვის, ასევე საქართველოს რკინიგზისთვისაც, რომელიც ამ ტვირთებს გადაზიდავს:

„ეს არის ერთ-ერთი ინდუსტრიული პროექტი და, რა თქმა უნდა, აჭარის გარდა მთელი საქართველოს მასშტაბითაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მიგვაჩნია, რომ ესეთი ტიპის პროექტები უფრო მეტ საფუძველს შექმნის და მაგალითს მისცემს სხვა კომპანიებს სხვა ქვეყნებიდან, რომ ანალოგიური ინვესტიციები განახორციელონ”.

ქობულიამ დადებითად შეაფასა საქართველოში მსხვილი ამერიკული ინვესტიციის განხორციელება და აღნიშნა, რომ პროექტი, რომლის განხორციელებასაც აღნიშნული ინვესტიცია ემსახურება, საქართველოში დამატებით სატრანზიტო ტვირთებს მოიზიდავს.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს რკინიგზის დატვირთვას და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის არა მხოლოდ ბათუმსა და აჭარაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამერიკული კორპორაცია Trammo, რომელიც ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორია, ბიზნესში უმაღლესი დონის ეკოლოგიურ სტანდარტებს იცავს.

„ბათუმის შემთხვევაში საქმე გვაქვს მაღალტექნოლოგიური ტერმინალის მშენებლობასთან, რომელიც იქნება დახურული ციკლით მომუშავე საწარმო. აღნიშნული პროექტი, პირიქით, ხელს შეუწყობს ბათუმის პორტის ეკოლოგიური სტანდარტების ამაღლებას”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …