„ბრიტიშ დეველოპმენტი“ აჭარაში სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიაზე ბრენდირებულ აპარტოტელს ააშენებს

თბილისი (BPI) – კომპანია „ბრიტიშ დეველოპმენტი“ აჭარაში სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიაზე 100-ნომრიან ბრენდირებულ აპარტოტელს ააშენებს.

აპარტოტელის მშენებლობა კომპანიას 2020 წლისთვის უნდა დაესრულებინა, თუმცა როგორც კომპანიის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის მიწერილი წერილის საფუძველზე ირკვევა, ვინაიდან სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში 2019 წლის მაისის ბოლომდე ვერ შემუშავდება და დამტკიცდება ზონის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებისათვის ერთიანი ქალაქმშენებლობის პირობები. ამასთან, ინვესტორი აღნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ. გამომდინარე აქედან, კომპანიის განმარტებით, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართის გაცემას, დაჭირდება გარკვეული პერიოდი.

შესაბამისად, კომპანიამ სამინისტროს ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე დაწესებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებისა და აპარტოტელის მშენებლობის დასრულების გადავადების თხოვნით მიმართა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობამ 2006 წლის თებერვალში კომპანია „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი.“-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სს „აჭარის კურორტები“-ს 100%-იანი და სს „მესხეთის“ 52,83%- ანი აქციათა პაკეტი პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადასცა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი.“-ს შორის გაფორმებული აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებით კომპანიას ერთ-ერთ ვალდებულებად განესაზღვრა 2020 წლის დეკემბრამდე სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიაზე ბრენდირებული აპარტოტელის აშენება. საინვესტიციო ვალდებულებამ 11,5 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გაასხვისა ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“-ს ტერიტორიის ნაწილი, რომლის მესაკუთრეა კომპანია „ბრიტიშ დეველოპმენტი“. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაითვალისწინა არსებული მდგომარეობამ და კომპანიას აპარტოტელის მშენებლობის დასრულების ვადად 2023 წლის სექტემბერი განუსაზღვრა.

შემთხვევითი სიახლე

რკინიგზის 20 თანამშრომელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცა

თბილისი (BPI) – „საქართველოს რკინიგზის“ 20 თანამშრომელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერტიფიკატები  გადაეცათ. საქართველოს „შრომის …