ვიქტორ ყიფიანი შავი ზღვის რეგიონის განვითარებისა და უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი მოწვეული იყო საერთაშორისო კონფერენციაზე – Challenges and Development Paths for a Cooperative Identity in the Black Sea Region – რომელსაც ორგანიზება ლუჩიან ბლაგას უნივერსიტეტში არსებულმა გლობალური კვლევების ცენტრმა (რუმინეთი) გაუწია.

კონფერენციის მიზანს შავი ზღვის რეგიონის ფენომენზე მსჯელობა და რუმინეთის, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წინაშე არსებული უსაფრთხოების, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გამოწვევების დაძლევის გზების ძიება წარმოადგენდა.

ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობას ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან წამყვანი ანალიტიკოსები, ექსპერტები, ასევე სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იღებდნენ.

კონფერენციის სპეციალური სესიის მომხსენებლებს შორის იყვნენ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საკითხთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, ირინა ზიდარუ; უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, იჰორ პროკოპჩუკი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ბექა ჩხეიძე; Ukrainian PRISM-ის უსაფრთხოების კვლევების პროგრამის დირექტორი და Ukraine Analytica-ს მთავარი რედაქტორი, ჰანა შელესტი; ქართული ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი;, ასოც. პროფ., IDIS Viitorul-ის ყოფილი აღმასრულებელი. დირექტორი და მოლდოვის რესპუბლიკის ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში, იგორ მუნტეანუ.

ღონისძიება გახსნეს და დისკუსიას მოდერატორობას უწევდნენ გლობალური კვლევების ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი, ლეონელა ლეკა და ამავე ორგანიზაციის დირექტორი, სილვიუ ნატე.

სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ყიფიანმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები რუსეთის ახალი გეოპოლიტიკური სტრატეგიის კონტექსტში განიხილა და აღნიშნა, რომ შავი ზღვა დიდი გლობალური ძალების კონკურენციის ობიექტი ხდება და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები კარგად უნდა აღიჭურვონ და მოემზადონ როგორც არსებული, ასევე ახალი გამოწვევების დასაძლევად.

„გლობალური უსაფრთხოების მოდელი განჭვრეტად მომავალში იქნება უფრო კომბინირებული, გაერთიანებული და ურთიერთდაკავშირებული. გლობალური უსაფრთხოების მომავალი დაფუძნებული იქნება რეგიონალური დაქსელვის (hub-and-spoke) მოდელებზე. იქნება უფრო მკვეთრად გამოხატული რეგიონალური ცენტრები. ისინი ერთმანეთს გაუწევენ კონკურენციას მეტი უსაფრთხოებისა და ინვესტიციებისათვის, ეს კი კიდევ ერთი სტიმული უნდა იყოს ჩვენთვის, რომ გავერთიანდეთ, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა და მცდელობა არ დავაკლოთ ამ კონკურსში გასამარჯვებლად. შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია არის ის, რასაც ახლა უნდა განვიხილავდეთ“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ამასთან დაკავშირებით, ვიქტორ ყიფიანმა გამოსვლისას გააჟღერა თავისი იდეა შავი ზღვის დეკლარაციის შესახებ, რომელსაც ხელს შავი ზღვის თანამოაზრე ქვეყნები (რუსეთის გარდა) მოაწერდნენ. როგორც მან აღნიშნა, დეკლარაცია, სხვა საკითხებთან ერთად, კონცენტრირებული იქნება კორუფციული და განსაკუთრებული გავლენის ზონებისგან თავისუფალი რეგიონის ჩამოყალიბებაზე, რეგიონული ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციაზე, სოციალურად და ეკოლოგიურად მდგრადი პროექტების განხორციელებაზე, შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების მიზნით, რეგიონული თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე. უსაფრთხოებაზე საუბრისას, მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის შედარებით მცირე ალიანსების შექმნაზე და მაგალითისათვის AUKUS (ავსტრალია-ბრიტანეთი-აშშ ალიანსი) მოდელი მოიყვანა.

ვიქტორ ყიფიანმა ხაზგასმით აღნიშნა, მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ შავი ზღვა ევრაზიული უსაფრთხოების განუყოფელი კომპონენტია, ვინაიდან იგი ერთდროულადაა დაკავშირებული ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთთან და აზიასთან.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონის ერთიანობის საფუძველი საერთო რისკების, საფრთხეებისა და გამოწვევების აღქმაა“, – აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა თავისი სიტყვის შეჯამებისას.

სადისკუსიო სესიის დასასრულს, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ განხილული საკითხებისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …