უზბეკი ბლოგერები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთიდან ბლოგერებსა და ფოტოგრაფებს მასპინძლობს.
პრეს-ტურის თერთმეტმა მონაწილემ უკვე დაათვალიერა თბილისი და მცხეთა. ბლოგერები ანანურს, სტეფანწმინდას, ახალციხესა და ვარძიას ეწვევიან. ტურის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთიდან აჭარაში გაემგზავრებიან და სამთო კურორტ გოდერძის დაათვალიერებენ. უზბეკი ბლოგერები მოინახულებენ ქვემო ქართლს, სადაც დაშბაშის კანიონს და სოფელ ასურეთს ესტუმრებიან. ტურის განმავლობაში ბლოგერები სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს ატვირთავენ, რომელსაც ათიათასობით მიმდევარი იხილავს.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს უზბეკეთიდან 11 ბლოგერი ეწვია. ტურის მონაწილეები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ათვალიერებენ. ძირითადი აქცენტი ქართულ სამზარეულოზე, ღვინოსა და კულტურაზე გაკეთდება. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას“.-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა.
“საქართველოში მხოლოდ ორი დღეა რაც ვიმყოფები, მაგრამ შემიძლია ნებისმიერს ვუთხრა, საქართველო საოცარი ქვეყანაა. თბილისი ძველი ქალაქისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაზავია. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ძალიან კეთილი ხალხით და ძალიან გემრიელი კერძებით. ძალიან მომეწონა ქართული ღვინო. ვაპირებ საქართველოს სხვადასხვა ადგილის დათვალიერებას და ხალხთან გასაუბრებას თუ რას ფიქრობენ საქართველოსა და უზბეკეთზე“.-ამბობს ბლოგერი ოსკარ ჯალილოვი.
„ალბათ ყველას უყვარს გემრიელი კერძები და ამ კუთხით საქართველო ნამდვილი სამოთხეა, ულამაზესი ბუნება გაქვთ, ძალიან სუფთა ჰაერია, ძალიან მომეწონა თბილისი. მინდა გითხრათ, რომ უზბეკები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ ჩვენ სტუმარ-მასპინძლობის ნამდვილ მასტერკლასს დავესწარით“.- აცხადებს ბლოგერი ხფის უსუფოვი.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …