თბილისი (BPI) – თამუნა ბერიშვილმა სკოლა 4 წლის წინ დაამთავრა. არასდროს დაავიწყდება ის დევნა, რასაც სკოლაში განიცდიდა. გულის წამლებით დადიოდა და ამბობს, რომ ეზიზღებოდა სკოლა და სკოლის ეზო. დღესაც შენობასთან რომ გაივლის იმ მხარეს არ იხედება.
„სკოლაში შესვლის მომენტიც კი მძულდა, აქეთ-იქით იდგნენ ბავშვები, ყველა მე მიყურებდა. ბევრს უნდოდა რამე დაეშავებინა, ჩანთა წაერთმია, როგორმე დავემცირებინე…“ თამუნა 12 წლის იყო, როდესაც თბილისიდან რეგიონში მოუხდა საცხოვრებლად გადასვლა, ამ გადაწყვეტილებამ მისი მომავალი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. წარმატებულ მოსწავლეს არასდროს უფიქრია, რომ სკოლა მისთვის “საძულველი” გახდებოდა. „ახალ სკოლაში გადასვლისას ვფიქრობდი, კარგად მიმიღებდნენ და მარტივად მივეჩვეოდი გარემოს, მაგრამ პირიქით მოხდა, პირველივე დღიდან შემექმნა პრობლემები.“ თამუნა კლასის ლიდერი გოგონების დაცინვის ობიექტი მალევე გახდა, მისი კეთილგანწყობის მიუხედავად ჩაგვრა ყოველდღიურად მწვავდებოდა. ერთხელ კლასელმა გოგონებმა დამცირების მიზნით თამუნას თავზე ნაგვის ურნა ჩამოაცვეს. მსხვერპლისთვის არსებული ძალადობა გაუსაძლისი აღმოჩნდა, ამიტომ გადაწყვიტა სკოლაში აღარ ევლო.
„სკოლა ექსტერნად დავამთავრე და მეთორმეტე წელი სხვა კლასთან დავხურე, სახლში ვიყავი „ჩამჯდარი“, ეს წლები საშინელ სტრესში გავატარე“. როგორც მსხვერპლი ამბობს, მოზარდობის პერიოდში მიღებული სტრესი, მის ცხოვრებაზე უარყოფითად აისახა. დღემდე აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, უჭირს ურთიერთობა ბევრ ადამიანთან, კომუნიკაცია და საჯარო გამოსვლა.
ბულინგი მეტია ვიდრე უბრალოდ ჩაგვრა. სიტყვიერი შეურაცხყოფა, ირონია, დაცინვა, ზედმეტი სახელის შერქმევა, ფიზიკური შეხება – ეს ბულინგია, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. სკოლაში ბევრი ჩვენგანი შესწრებია სცენას, როგორ დასცინოდნენ სუსტ მოსწავლეებს, როგორ ცდილობდნენ დაემცირებინათ ბავშვები განსხვავებული გარეგნობისა და ჩაცმულობის გამო. მაშინ ვდუმდით, არ ვიცოდით რატომ ხდებოდა ეს ყოველივე, ჩვეულებრივ მოვლენადაც მიგვაჩნდა და მალეც გვავიწყდებოდა, მაგრამ ბულინგის მსხვერპლთათვის ეს დღემდე მტკივნეულად გასახსენებელია.
ფსიქოლოგი შორენა მუმლაძე განმარტავს, რომ ბულინგი მოზარდობის პერიოდში განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ამ დროს ბავშვები ემოციურად და ფსიქოლოგიურად იცვლებიან, უყალიბდებათ იდენტობა და უფრო რთულად აღიქვამენ პრობლემებს, სწორედ ამიტომ ბულინგმა შესაძლოა მათი ფსიქიკის არასწორი ფორმირება გამოიწვიოს.
განსხვავებულობა ეს ის თვისებაა, რომელიც ადამიანებს სურვილის მიუხედავად უჩნდებათ. სამყაროში არ არსებობს აბსოლუტურად იდენტური ორი მოცემულობა. ყველაფერი რასაც ვხედავთ ფერით, ფორმით, სიმაღლითა და სხვა მახასიათებლებით ერთმანეთისაგან გამოირჩევა. ყოველი ადამიანი განსაკუთრებული ნიშნის მატარებელია, რომელიც კონკრეტულად მისთვისაა დამახასიათებელი. ყველა ადამიანი უნიკალურია, არცერთი ჩვენგანის თითის ანაბეჭდი არ ემთხვევა ერთმანეთს. ადამიანები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინდივიდები ვართ, გვაქვს განსხვავებული სქესი, ასაკი, კანის ფერი. მე და თქვენ, ერთმანეთს საერთოდ არ ვგავრათ, მე საშუალო სიმაღლის ვარ და წაბლისფერი თმა მაქვს, თქვენ შედარებით მაღალი და ქერა ხართ, მაგრამ ეს ჩვენს მეგობრობას ხელს არ უშლის.
ბულინგი წარმატებულებისა და წარუმატებლებს არ ჰყოფს. მისი მსხვერპლი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ადამიანი. მარიამ ავაქოვიც არ მიიღეს. ეს მისთვის მძიმედ გასახსენებელი პერიოდია. დღეს 24 წლის მარიამი წარმატებული დიპლომატია, მაგრამ წარსულში ჩაგვრის მსხვერპლი იყო. მარიამის ჩაგვრის მიზეზი მისი მაღალი მოსწრება და გარეგნული მონაცემები გახდა , კლასელი გოგონები ცდილობდნენ დაემცირებინათ და შეურაცხყოფა მიეყენებინათ მისთვის , რაც ყოველდღიურად ხდებოდა. უხეში რეპლიკების , დაცინვებისა და შეურაცხყოფების შემდეგ კლასელმა მსხვერპლის უფრო მეტად დამცირება გადაწყვიტეს , სწორედ ამ მიზნით გადაიღეს ვიდეო და იუთუბზე ატვირთეს. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ტელევიზიებმა მოინდომეს მსხვერპლთან საუბარი, მაგრამ როგორც მარიამი ყვება მასწავლებლებმა გააფრთხილეს თუ გამოჩნდებოდა ტელევიზიით სკოლის დატოვება მოუწევდა. თავადაც ეშინოდა, რომ საზოგადოება მას დასდებდა ბრალს, ამიტომ უარის თქმა მოუხდა. მარიამი ამბობს, რომ იმ დროისთვის მას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, როგორი უნდა ყოფილიყო მისი ქმედება, ვისთვის მიემართა და როგორ დაეცვა თავი. მარიამს ბულინგის დაძლევაში მანდატური დაეხმარა.
„მე დაცვა და მხარდაჭერა ვიგრძენი, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავდა. მშობლები ვერ მიცავდნენ, ვერ იგებდნენ ჩემს პრობლემას და პირიქით, მე მადანაშაულებდნენ. არ იცოდნენ როგორ უნდა დამხმარებდონენ და არც ინფორმირებულები იყვნენ.“
ბულინგის განხორციელების ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს , დაბალი და მაღალი მოსწრების , პოპულარული და არაპოპულარული ბავშვებიც ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის მოზარდები, რომლებიც თანატოლებისაგან რაიმე ნიშნით გამოირჩევიან, ხშირად ხდებიან მსხვერპლნი. თამუნა ბერიშვილი და მარიამ ავაქოვი კარგი მოსწავლეები იყვნენ . ორივე მათგანი სხვადასხვა სკოლაში, სხვადასხვა პერიოდში სწავლობდა , თუმცა ბულინგის პრობლემა ორივე მათგანისთვის ნაცნობია.
მარიამი მუდმივად იღებდა მონაწილეობას სასკოლო ოლიმპიადებში და შესაბამისად მასწავლებელთა დადებით შეფასებებსაც იმსახურებდა. თუმცა კლასის ბავშვების ნაწილისთვის მისი აქტიურობა არასასურველი აღმოჩნდა.
„მასწავლებლების მხრიდან ხშირად იყო მოწოდებები თუ მარიამს შეუძლია სწავლა თქვენ რატომ არ შეგიძლიათ ? ხშირად ხდებოდა შედარებები . იმ პერიოდში შექება მსიამოვნებდა , მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვერ ვიტყვი , რომ სწორი იყო . ეს ყოველივე, ბავშვებში გაღიზიანებას იწვევს. მათში ლიდერული თვისებები ნაკლებადაა , სწორედ ამიტომ უჭირთ გააზრება თუ რატომ ცდილობს მასწავლებელი შეადაროს სხვას. “
თამუნაც გამორჩეული მოსწავლე იყო , მაგრამ ის სოციუმისთვის სადაც მას მოუხდა სწავლა , მიუღებელი აღმოჩნდა.
„საგურამოში სწავლის დონე იმდენად დაბალი იყო , რომ სხვა ბავშვების ფონზე უფრო უკეთესი გამოვჩნდი. ჩემი პასუხებით ელემენტარულ კითხვებზე ყველა გაოცებული იყო . რაღაცნაირად მიყურებდნენ , ვგრძნობდი რომ მათ არ მოვწონდი. არ აწყობდათ ჩემი იქ ყოფნა , რადგან მათზე კარგად ვსწავლობდი. ძველ სკოლაში დამრიგებელი გვასწავლიდა , რომ ახალი ბავშვები თბილად უნდა მიგვეღო , ახალ სკოლაში კი ეს ვერ დავინახე პირიქით, პირველივე დღესვე „თავს დამესხნენ“ .
ბულინგი დაცინვიდან დაიწყო და მსხვერპლთა მიერ ფიზიკური ძალადობით დასრულდა.
თამუნა: „ფიზიკური თავდაცვა რომ დავიწყე შეწყდა ეს ყველაფერი. ფიზიკურ ძალას ძალიან დიდ პატივს სცემენ“
მარიამი: „ფიზიკური შეხება მაშინ დაიწყო , როდესაც ჩემთვის უკვე გაუსაძლისი გახდა მათი ძალადობა. მე გამიჩნდა აგრესია, ეს აგრესია მეხმარებოდა დამეცვა თავი ბულინგისაგან. ვერბალურად გამოვხატავდი ვაპროტესტებდი, ხმამაღლა ვყვიროდი, აღარ მერიდებოდა მასწავლებლებთან სიმართლის თქმის.“
ბულინგის პრობლემისას ჩნდება კითხვა, ვინ უნდა დაეხმაროს მსხვერპლს და ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ამგვარი ძალადობის დროს. ხშირ შემთხვევაში დაზარალებული ბავშვები ფაქტებს არ ახმაურებენ , რადგან დახმარების მიღების იმედია არ აქვთ. მათ არ იციან ვის მიმართონ და როგორ დაიცვან თავი , ამიტომ პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით ცდილობენ .
თამუნა ბერიშვილი : „დირექტორს ვუთხარი ფაქტის შესახებ, ჰქონდა შესაბამისი რეაგირება, დაელაპარაკა მოსწავლეებს, მაგრამ ცოტა ხანი ახსოვდათ ეს ყველაფერი და მერე ისევ იწყებოდა იგივე. მკაცრი ტონი არ ქონდა და ვერ იმორჩილებდა ბავშვებს. საუბრის გარდა სხვა ვერაფერს აკეთებდა მაშინ არ იყო ეს თემა ასე აქტიურად წამოწეული და არ იცოდა რა უნდა მოემოქმედებინა. დამრიგებელიც ცდილობდა დავეცავი მაგრამ ეს დროებითი იყო“.
დღესდღეობით ჩვენს რეალობაში ბულინგზე ხშირად საუბრობენ , მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით როგორ დავიცვათ თავი .
სმარტფონებისა და ტაბლეტების ეპოქაში, კომუნიკაცია საკმაოდ მარტივი და სასიამოვნო პროცესია. ონლაინ კომუნიკაცია მიმზიდველი გახდა საზოგადოების თითქმის ყველა წევრისათვის. თანამედროვე ცხოვრება საშუალებას გვაძლებს ვიყოთ მუდამ ონლაინ , დღეს უკვე აღარავის ახსოვს თუ როდის გამოიყენა პირველად ინტერნეტი. თუმცა, ინტერნტ საშუალებებმა ახალი გამოწვევების წინაშეც დაგვაყენა. ტექნოლოგიური ცვლილებების შედეგად აგრესიამ რეალური სცენიდან ვირტუალურში გადაინაცვლა, გაჩნდა მასშტაბური ბულინგის საფრთხე, რომელსაც კიბერბულინგს ვუწოდებთ. სოციალურ ქსელებში ბულინგის ამსახველი ფაქტები „დომინოს ეფექტით“ ვრცელდება. კიბერბულერი დებს მსხვერპლზე არასასურველი ინფორმაციის შემცველ ფოტოს ან ვიდეოს, შემდგომ მომხმარებლები წერენ კომენტარებს , აზიარებენ ამ პოსტებს და არასასურველი ინფორმაცია ფართო არეალზე ვრცელდება. შედეგად ათასობით ადამიანია მომსწრე და ზოგჯერ მონაწილეც მსხვერპლის ჩაგვრის. საინტერესო ისაა , რომ მომხმარებელთა უმეტესობა ამას ვერ აცნობიერებს.
ამერიკის შეერთებული შტატების განათლების ნაციონალური ცენტრის 2016 წლის მონაცემების მიხედვით, ყოველი 5 ბავშვიდან 1 ბულინგის მსხვერპლია. Modecki, Minchin, Harbaugh, Guerra, & Runions-ის 2014 წელს გაკეთებული 80 კვლევის მეტა-ანალიზის მიხედვით, 12-18 წლის მოზარდების 35% განიცდის ტრადიციულ ბულინგს (ფიზიკური, სიტყვიერი აგრესია), ხოლო 15% – კიბერბულინგს. Petrosina, Guckenburg, DeVoe, & Hanson-ის 2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, ბულინგის მსხვერპლი ბავშვებიდან 64% არ საუბრობს ამაზე. Davis & Nixon-ის 2010 წლის კვლევის მიხედვით, ჩაგვრის მიზეზი ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე ბავშვის გარეგნობა (55%); სხეულის ფორმა (37%) და ეროვნება (16%).
2016-2017 წლის სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებების ცენტრის კვლევების მიხედვით სკოლაში ძალადობის იდენტიფიცირება პასუხისმგებელი პირებისგან მინიმუალურია. კვლევა ადასტურებს, რომ დღეს სკოლებში მთავარი პრობლემა ბულინგი და ძალადობა . მასწავლებლების ნაწილმა არ იცის რა ქმედებები ითვლება ძალადობად , აქედან გამომდინარე ხშირია ბულინგის ფაქტების იგნორირება.
სკოლებში გავრცელებულია ძალადობის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფორმები მაგალითად: თანატოლებს შორის დაცინვა , მეტსახელით მოხსენიება, ასევე ჩხუბი , ფეხის დადება, თმის მოქაჩვა, ხელის გადატრიალება, დაჯახება და სხვა. ვერბალური ბულინგი ხშირია გარეგნობის და ფიზიკური მონაცემების , სოციალური მდგომარეობის და აკადემიური მოსწრების გამო.
„თუ ბავშვი მსუქანია მას დასცინიან “ , ერთ მოსწავლეს ,რომელსაც არ შეუძლია სწრაფად სირბილი, ბავშვები სთავაზობენ სირბილში შეჯიბრს , ვითომ ნელა დარბიან , მერე მაინც უსწრებენ და დასცინიან “.
ქართულ სკოლებში ძალადობა ჩვეული ყოველდღიურობაა, იმდენად რომ ბავშვებს უჭირთ გარჩევა , რა შეიძლება იყოს ძალადობა. მოსწავლეთა გარკვეულმა ნაწილმა არ იცის ,რომ ყვირილი (47,8%) , მუქარა (24%) და სოციალურ ქსელებში არასასურველი ინფორმაციის გავცელება მათივე ნებართვის გარეშე ( 25,3%) ძალადობაა.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული მოსწავლეების ნაწილი აღიარებს, რომ მათზე სოციალური ქსელით შეურაცხმყოფელი ინფორმაცია სოციალური ქსელით მათ თანატოლებს გაუვრცელებიათ, ამ ფაქტზე მშობლები ესაუბრნენ მანდატურსაც, მაგრამ საპასუხოდ ორივე მხარე დაადანაშაულეს და მშობლებს განუცხადეს, რომ ასეთ დროს ვერაფერს მოიმოქმედებდნენ.
კიბერბულინგი ჩვენს რეალობაში საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ფსიქოლოგი მარიამ გიორგაძე ფიქრობს , რომ ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს . დღესდღეობით ყველას აქვს წვდომა ინტერნეტზე მოზარდსაც და უფროსსაც , საზოგადებისთვის ეს ქმედება უკონტროლო გართობად გადაიქცა, სოციალურ ქსელებში მოწონებისა და ემოციების დასაგროვებლად ხშირად წერენ დამცინავ კომენტარებს. გარდა ამისა , აგრესორისთვის ანონიმურობა უპირატესია, ის აკეთებს იმას ,რაც შესაძლოა პირისპირ ვერ და არ ეთქვა.
ბლოგ Psychologytoday-ზე წერენ , რომ ფსიქოლოგიური ძალადობა ფიზიკურ ძალადობაზე ბევრად რთული დასაძლევია. კიბერბულინგი კი ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველია. ფსიქოლოგიური ძალადობა უფრო მეტად რთულია , იმიტომ რომ არ ჩანს . ადამიანი შეიძლება იყოს ამგვარი ძალადობის მსხვერპლი, თუმცა, სხვებმა საერთოდ ვერ შენიშნონ . ასეთ ძალადობას შეიძლება მოჰყვეს თვითდაზიანებები . ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად ფიზიკურად გაზიანებს , რაც შეიძლება დროთა განმავლობაში მოშუშდეს , გაქრეს და თავი აღარ შეგვახსენოს. ფსიქიკური ძალადობა კი უფრო გრძელვადიანია , მკურნალობის ეტაპები აქვს , სჭირდება მსხვერპლის მხრიდან აღიარება ,გათვითცნობიერება, რომ მას აქვს პრობლემა. მისი რეაბილიტაცია უფრო მეტად ჭირს. ამგვარ ადამიანს სჭირდება საკუთარ თავზე მუშაობა, პრობლემის გადასატანად. ფსიქოლოგიური ძალადობა წარუშლელ კვალს ტოვებს და მეტიც ძალიან ხშირად უდიდეს როლს ასრულებს პიროვნების ფორმირებაში.
„მე ყოველთვის ბულინგის მსხვერპლი ვარ , მეზიზღება ეს ყველაფერი და ხანდახან თვითმკვლელობაზე ვფიქრობ .“
(13 წლის გოგონა ავსტრალიიდან)
„სკოლაში სათვალის ტარების გამო დამცინიან , ცუდი მხედველობა მაქვს და იძულებული ვარ მეკეთოს სათვალე, რა გავაკეთო რომ აღარ დამცინონ , გთხოვთ მომეცით რჩევა“
(9წლის ბიჭი კანადიდან)
„როდესაც ფეისბუქზე ვარ , სულ იმის მეშინია , რომ ვიღაც ჩემს ანგარიშსს გატეხავს და ჩათს წაიკითხავს. წარსულში უკვე იყო ასეთი შემთხვევა . ისინი უბრალოდ სხვების გამწარებით ერთობიან .“
(18 წლის გოგონა ნიუ მექსიკოდან )
ამერიკის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შექმნა საიტი stopbullying.gov , რომელიც ასახელებს კიბერბულინგის განსახორციელებელ პოპულარულ საშუალებებს.
- სოციალური მედია ( როგორიცაა ფეისბუქი , ტვიტერი, ინსტაგრამი , სნეფჩეტი )
- ესემესი ( მოკლე ტექსტური შეტყობინება , რომელიც იგზავნება სხვადასხვა მოწყობილობებით)
- ონლაინ მიმოწერა ( რომელიც სოც. ქსელებში და იმეილზეც გვხვდება)
- იმეილი (ელექტრონული ფოსტა)
იმის გათვალისწინებით , რომ სოციალურ ქსელებს უამრავი მომხმარებელი ჰყავს , შესაძლოა ის მივიჩნიოთ აგრესიის გავცელების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად. Facebakers-ის 2017 წლის მონაცემების მიხედვით სოციალურ ქსელ ფეისბუქს 2 მილიარდამდე მომხმარებელი ყავს.
სოციალურ სქელებში არსებობს ჩაგვრის ერთ კონკრეტული მეთოდი არ არებობს , არასასურველი ფოტოების გამოქვეყნება, დამცინავი კომენტარები, ჩათის გასაჯაროება ყველა მათგანი მსხვერპლთა შევიწროებას უზრუნველყოფს. ცალკეულად არსებობს რამდენიმე მეთოდი , რომელიც მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ხშირად გამოიყენება ასეთია:
- ყალბი პროფილები- (ეგრეთწოდებული ფეიქ ექაუნთები , რომლის მეშვეობითაც მსხვერპლზე ტერორი ხორციელდება)
- ტროლინგი – ( წინასწარ განზრახული მოქმედება , როდესაც ავრცელებ პროვოკაციულ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას)
- სხვისი პროფილის მითვისება „catfishing ‘’( კონკრეტული პიროვნების სახელზე შექმნილი ანგარიში, რომელიც შეიცავს მსხვერპლის ფოტოებს)
- კიბერსაუბრები – (იგულისხმება ონალინ მიმოწერა , ჩათი უცხო პირებთან )
- დისინგი – ( არასასურველი ინფორმაციის ფოტოს ან ჩათის გასაჯაროება , ბოროტი განზრახვით)
კიბერ ძალადობის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი გამოიყენება ქართულ რეალობაშიც. ხშირი და აქტუალურია მოზარდთა პირადი ფოტოების ან ჩათის უნებართვოდ გამოყენების შემთხვევები, რაც ძირითადად ყალბი პროფაილებიდან არის დადებული . კონკრეტული ფეისბუქ ფეიჯები ათავსებენ ასეთი ტიპის ინფორმაციებს და შემდგომ, არსებული მომხმარებლების თვალწინ ხდება მათი დამცირება, კომენტარებისა და „დაშეარების“ სახით. სოციალურ ფეიჯებზე ხშირია დაცინვები ვიზუალის გამო , ამას ამწვავებს სხვადასხვა გვერდების მიერ უნებართვოთ გავრცელებული ფოტოები . იწყება დაცინვები კომენტარების სახით, ემოციების გამოხატვა და მსხვერპლის დამცირება.
ერთ-ერთი პოპულარული ფეისბუქ გვერდის (ადამინები მსოფლიოს ქალაქებიდან) ადმინის თქმით, განთავსებული ფოტოების 98%-ზე იწერება უარყოფითი კომენტარი.როგორც გვერდის წარმომადგენლები ამბობენ , ისინი პოსტებს უშუალოდ მოზარდთა ნებართვით დებენ . მოზარდები წინასწარ არიან გაფრთხილებულნი, რომ შესაძლოა იყოს უარყოფითი გამოხმაურება . ადმინები ამბობენ , რომ ცალკეულად მოზარდების ფოტებზე ძირითადად არის დამცინავი კომენტარები .
„უმრავლესობა გვთხოვს , რომ წავშალოთ ეს კომენტარები , მაგრამ ნამდვილად არ გვაქვს დრო “
ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მოზარდებზე გადადის . მაშინ ,როდესაც მოზარდთა უმეტესობამ არ იცის როგორც დაიცვას თავი კიბერბულინგისაგან. ამ ასაკის ბავშვები ხშირად გამიზნულად ანთავესებენ არასასურველ ინფორმაციებს ერთმანეთზე დამცირებისა და გართობის მიზნით. თინეიჯერების მიერ დაარსებულ ფეიჯებზე ხშირად გვხვდება უნებართვოდ გასაჯაროებული ფოტოები, მიმოწერა .
ქართულ რეალობაში ჩათის , ფოტოს და ვიდეოს უნებართვოდ გასაჯაროებას არ მიიჩნევენ ძალადობად . მსგავსი ტიპის მიმოწერები , რომლებიც ფეისბუქ ფეიჯებზე ვრცელდება ძირითადად შეურაცმყოფელი და უცენზურო საუბარს მოიცავს. მთავარი პრობლემა რაც ამ შემთხვევაში იჩენს თავს , არის ის რომ ძირითად შემთხვევაში აგრესორები დაფარული ანგარიშით სარგებლობენ. მსხვერპლმა არ იცის სავარაუდოდ ვინ წერს ჩატში არასასურველ მესიჯებს. კიბერ ძალადობის ამ ფორმით ბევრად მეტი კომფორტი ექმნება მოძალადეს , რადგან ანონიმად რჩება , ხოლო მსხვერპლი კიდევ უფრო დიდ შფოთვას განიცდის ,ვინაიდან მან არ იცის ვინ უგზავნის მუქარის შემცველ ტექსტებს.
მსხვერპლს მხოლოდ და მხოლოდ არასასურველი მომხარებლებისა დაბლოკვა და ფეიჯების დარეპორტება შეუძლია , სხვა მეთოდი უბრალოდ არ არსებობს. სოციალური ქსელები მომხამრებელებმა უნდა იცოდნენ , რომ მათ მიერ გაზიარებული ინფორმაცია შესაძლოა საფრთხის შემცველი გახდეს.
მსოფლიოს, ბულინგთან და კიბერბულინგთან საბრძოლველად სხვა მექანიზმების გარდა, აქვს ასევე საკანონმდებლო რეგულაციებიც. კიბერბულინგი დასჯადია ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის ყველა შტატში. მიუხედავად იმისა, რომ კიბერ ძალადობა შედარებით ახალი ტიპის შევიწროებაა, თითქმის ყველა შტატს აქვს სასკოლო სანქციები (ზოგიერთს სამართლებრივი ჯარიმები). ამერიკის ადამიანის უფლებების კომიტეტის შექმნილმა საიტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ყველა იმ შტატზე , სადაც მოქმედებს მსგავსი ტიპის კანონები. მონტანა- არის ერთადერთი შტატი , სადაც არ ხდება ბულინგის დასჯა სამართლებრივი გზით. ყველა სხვა შტატს აქვს შესაბამისი კანონი კიბერბულინგის შესაჩერებლად.
განათლების სამინისტროს როლი ბულინგთან ბრძოლაში ამ ეტაპზე მინიმალურია . ისინი ავრცელებენ ეგრეთწოდებულ ბროშურებს , რაც გარკვეული სახის რეკომენდაციას იძლევა თუ როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი , მშობელი, ბულინგის არსებობის შემთხვევაში , თუმცა არ ვიცით რამდენად ეფექტურია აღნიშნული ქმედება.
სახალხო დამცველის აპარატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს:
საჯარო და კერძო სკოლებში გააქტიურდეს მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებები.
სისტემური ხასიათი მიეცეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, თავიანთ უფლება- მოვალეობებთან, ძალადობისგან დაცვის არსებულ მექანიზმებთან და ბულინგის ნეგატიურ გავლენასთან დაკავშირებით.
სკოლებში დისკრიმინაციისა და უთანასწორობის პრევენციისა და მსგავსი პრეცედენტების აღმოფხვრის მიზნით, ყურადღება გამახვილდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განსხვავებულის მიმართ მიმღებლობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპების დანერგვასა და განმტკიცებაზე.
გაუმჯობესდეს პედაგოგებისა და სკოლის პერსონალის მომზადება–გადამზადების სისტემა ბავშვთა უფლებების დაცვის ძირითადი მექანიზმებისა და ძალადობისგან დაცვის, კერძოდ, ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და სათანადო რეაგირების, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურით განსაზღვრული მექანიზმების და ქცევის მართვის პოზიტიური მეთოდების გამოყენების საკითხებში მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
დაიხვეწოს საჯარო სკოლებში პედაგოგთა და არასრულწლოვანთა დისციპლინური წარმოების წესი და პროცედურები, რაც უზრუნველყოფს ბავშვის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან დროულ, ადეკვატურ, პროპორციულ და სათანადო რეაგირებას; ამავე მიზნით, დაკონკრეტდეს კერძო სკოლის პედაგოგთა და არასრულწლოვანთა დისციპლინური წარმოების წესი და პროცედურები.
განისაზღვროს კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი, სადაც კონკრეტულად გაიწერება მონიტორინგის ორგანოს ფუნქციები და პროცედურები ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხების მოკვლევის პროცესში.
საჯარო და კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის, მონიტორინგის ორგანოს მიეცეს პროაქტიური და არაგეგმიური მონიტორინგის უფლება.
ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის გაცხადების შემთხვევაში, შემუშავდეს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვის ანონიმურობა სავარაუდო მოძალადის მხრიდან ზეწოლის თავიდან ასაცილებლად.
უზნველყოფილ იქნეს ბავშვის შეხედულებების გათვალისწინება და ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
გაიზარდოს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების რაოდენობა და გაძლიერდეს უკვე არსებულის შესაძლებლობები.
უზრუნველყოფილ იქნეს მანდატურის სამსახურის ფუნქციონირება საჯარო სკოლებში მოსწავლეთა დადგენილი რაოდენობისა და საჭიროების გათვალისწინებით.
გააქტიურდეს მშობელთა ინფორმირება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრობლემისა და ბავშვის განვითარებაზე მისი გავლენის შესახებ, ასევე, ოჯახსა და საზოგადოებაში ბავშვის ძალადობისგან დაცვის გზებისა და ძალადობის ნიშნების ამოცნობის თაობაზე.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ბულინგი დღეს ისევ დაუძლეველ პრობლემათა სიაშია. სკოლას არ გააჩნია არანაირი ძალა , რითაც შეძლებს მსხვერპლთა დაცვას. უფრო მეტიც ზოგჯერ თავად მასწავლებლებიც გვევლინებიან მოძალადის როლში. მოსწავლეებისთვის ნორმალურად მიიჩნევენ არასასურველი მეტსახელის შერქმევას. კლასებში არსებობენ ლიდერი ბავშვები , რომლებიც ცდილობენ დაჩაგრონ შედარებით სუსტები . მოსწავლეების თავდაცვის დროს უპირატესი ხდება ფიზიკური შეხება , რადგან სიტყვიერს არანაირი ძალა არ აქვს. მათ შორის არც მასწავლებლების მხრიდან. ეს ქმედება გამოწვეულია თავად მასწავლებელთა ქცევიდან , რადგან ისინი სიტყვიერი მიმართვითა და გაფრთხილებით ვერ იმორჩილებენ რთულ მოსწავლეებს .
სკოლებს არ გააჩნიათ მზაობა, რითაც არათუ პრევენციას, არამედ არსებული ძალადობის შეჩერებას შეძლებენ. დაბალი მიმართვიანობაა სკოლის ფსიქოლოგების მიმართაც , მათ არ აქვთ პირდაპირი კომუნიკაცია მოსწავლეებთან. ბულინგის მსხვერპლმა ბავშვებმა ხშირ შემთხვევაში არც იციან ვის მიმართონ ფაქტის არსებობის შემთხვევაში.
გარდა ფსიქოლოგისა , დაბალია მშობლების ჩართულობაც , მასწავლებლები და მშობლები არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან საჭირო დონეზე, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს ბულინგის ფაქტის გამოვლენას.
ელენე შარიქაძე, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი
მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა” და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში