თბილისის ანძა სანახაობრივ და ტურისტულ ფუნქციას შეიძენს

თბილისი (BPI) – ყველა ქალაქი უნიკალურია. ხშირად ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ ამოვიცნოთ მისი იერსახე. თბილისში ბევრი უნიკალური ნაგებობაა, მაგრამ განსაკუთრებული ადგილი მხოლოდ ერთ მათგანს უკავია – ეს ანძაა. მასთან უამრავი მოგონებაა დაკავშირებული, ბევრისთვის ის შთაგონების წყაროა, იგი ერთნაირად იზიდავს, როგორც თბილისელებს, ისე თბილისის სტუმრებს. ძალიან მალე კი ქალაქის წინაშე ის სრულიად შეცვლილი სახით წარსდგება.

თბილისი, 1955 წელი. თბილისის თავზე, მამა დავითზე დაიწყო პირველი 170 მეტრის სიმაღლის სატელევიზიო ანძის, უფრო ზუსტი სამეცნიერო ტექნიკური ტერმინით კი -სატელევიზიო გადამცემი კოშკის დაპროექტება.

1956 წელი, 28 დეკემბერი. გაზეთი „კომუნისტი“ წერდა, რომ თბილისში იხსნება ტელესტუდია.

ამავე წელს, მთაწმინდის ზედა პლატოზე სატელევიზიო ანძის მშენებლობა დასრულდა და სატელევიზიო მაუწყებლობაც დაიწყო.

ანძის სიმაღლე 185 მეტრი იყო. სტუდიამ „ტელეხედვა“ თავისი პირველი საახალწლო გადაცემა იმდროინდელი ე.წ. საქართველოს რესპუბლიკის გამოჩენილ ადამიანებს მიუძღვნა. ეს კოშკი 21 წლის განმავლობაში იდგა თბილისის თავზე, შემდეგ კი ის შიდა ქართლში, ქალაქ გორთან გადაიტანეს, სადაც მუშაობას დღესაც წარმატებულად აგრძელებს.

გორის ანძისაგან თბილისის ახალ, ამჟამინდელ ანძას ორი ძირითადი რამ განასხვავებს; სიმაღლე და ის რომ 2008 წლის აგვისტოს გადაურჩა. სხვა მხრივ 90-იან წლებში მას არაფერი „დაკლებია“.

1972 წელს იმ დროისთვის თანამედროვე დიზაინის სატელევიზიო ანძის მშენებლობა დაიწყო, რომელიც დღესაც დგას. 440 ტონიანი კონსტრუქციის სიმაღლე 274 მეტრია. მისი ფერები წითელი და თეთრი საერთაშორისო სტანდარტია, იმისათვის რომ მფრინავმა ობიექტმა კარგად შეამჩნიოს.

თბილისის ანძის მრგვალი ნაგებობა 1994 წლის 10 ოქტომბრის ხანძრის შედეგად თითქმის ბოლომდე განადგურდა. მაშინ მთელი ნაგებობის სივრცე გადამწვარი იყო. ამის გამო წლების განმავლობაში ანძის ზედა ნაწილი გაშავებული იყო. დეფორმაცია მეტალმა ხანძრის შედეგად მიიღო, ამ ხანძრის მიზეზები დღესაც ბოლომდე გაურკვეველი რჩება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხანძარს ძირითადი კონსტრუქია გადაურჩა.

თბილისი ანძა-ის სურათის შედეგითბილისის ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერი ადგილიდან და კუთხიდან შეამჩნევთ და თვალში გეცემათ ქალაქის თავზე წამომართული სატელევზიო ანძა. საბჭოთა პერიოდში გახორციელებული და აგებული უზარმაზარი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. თბილისის ანძა მართლაც ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტია. ანძის მშენებლობაში გამოყენებულია 1500 ტონა რკინა. ფუნდამენტის ჩასხმის შემდეგ კი მის მშენებლობაში მხოლოდ 5 ადამიანი მონაწილეობდა.

ალბათ ბევრ თქვენგანს უოცნებია ასულიყო თბილისის ანძაზე. უოცნებია ანძის სამკუთხედი ან მრგვალი ნაგებობებიდან დაენახა თბილისი და მისი შემოგარენი.

ანძაზე ტექნიკოსები სამონტაჟო საქმიანობას მუდმივად აწარმოებენ. მალე მის სიმაღლეში გაზრდას და გადამცემების დამატებასაც გეგმავენ. ტექნიკური სამუშაოების პარალელურად ხელმძღვანელობა ანძის სანახაობრივი და ტურისტული ფუნქციით დატვირთვას ფიქრობს, რომ მალე ანძის სტუმრებმა კონსტრუქცია შენობიდან დაათვალიერონ და დედაქალაქს სატელევიზიო კოშკის პანორამული სამკუთხედიდან გადმოხედონ ისე, როგორც ეს სხვა დიდ ქალაქებშია. მსოფლიოში არსებული ანძები ერთმანეთისაგან მათი მახასიათებლებით განსხვავდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს პანორამული ანძები, სადაც ტურისტების ასვლაა შესაძლებელი.

საქართველოს ტელერადიო ცენტრის დირექტორის მოადგილე ბორის ადამია მბამბობს, რომ სავიზიტო ბარათია თბილისის სატელევიზიო ანძა.

“თბილისში შემოსული ნებისმიერი ტურისტი ამჩნევს ამ ულამაზეს კონსტრუქციას. რა თქმა უნდა, მისი უფრო საინტერესოდ დატვირთვაც შეიძლება, ჩვენ გვაქვს ეს პროექტიც და რამდენიმე წელია ვმუშაობთ კიდეც მასზე. თავის დროზე, როდესაც აშენდა და დამონტაჟდა სამ ფეხზე მდგომი კოშკურა, მაშინ არ იყო განსაზღვრული ის მომენტი, რომ ყოფილიყო პანორამული, როგორც მაგალითად სხვა ქვეყნის ტელე-ანძები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი პროექტი, ისეთი სახე მიგვეცა მისთვის, რომ გამხდარიყო პანორამული. თუ დააკვირდებით, სამკუთხა ნაგებობის ქვემოთ არსებობს ისეთი სივრცე, რომელიც მოგვცემს ამ იმფრასტრუქტურის შექმნის საშუალებას, საიდანაც შევძლებთ ტურისტების მიღებას და ისინი თავისუფლად შეძლებდნენ ქალაქის ხედებით ტკბობას“  – განაცხადა მან.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2006 წელს საქართველომ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება და ხელი მოაწერა ჟენევის 2006 წლის ხელშეკრულებას, რაც გულისხმობდა იმას, რომ 2015 წლამდე საქართველო მიწის ზედა ანალოგიური მაუწყებლობიდან, მიწის ზედა ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადასულიყო. პროექტი გახორციელდა და ჩაბარდა უმოკლეს ვადებში. მიწის ზედა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა გულისხმობს იმას, რომ გამონთავისუფლდა სიხშირეები და ახლა ნებისმიერ ახალდაფუძნებულ ტელევიზიასა თუ რადიოს უფრო მეტი საშუალება აქვს, რომ იმაუწყებლოს, ვიდრე ჰქონდა აქამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეცვალა ციფრულმა მაუწყებლობამ ეხება ტექნიკის მუშაობიდან წარმოქმნილ დასხივებას.

კითხვაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა ახლა ანძის ნაგებობებში, სამკუთხედში და მრგვალში მუშაობა საამქროს უფროსი იური გვილავა ამბობს „სად რომელი ანტენა დგას, სად რომელი გადამცემია – ეს ყველაფერი ზეპირად ვიცი. აპარატურა, რაც ანძას გააჩნია ყველაფერი ჩემი გამართული და შექმნილია. ძირითადად მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აქვს წარმოდგენა, რომ ჩვენს კოშკურაში არის დასხივება. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ შიგნით დასხივება არ არის, განსაკუთრებით, რაც დამონტაჟდა თანამედროვე გადამცემები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლიდან. რა თქმა უნდა, მაღალ წერტილებში, როგორიც არის ანძის წვერი, იქ გარკვეულწილად არის დასხივება, თუმცა მომუშავე პერსონალს ასეთ ადგილებთან არ აქვს შეხება.“

თბილისის ტელეანძის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანანო ჩიქოვანი ფიქრობს, რომ სამომავლო გეგმა, რომელიც ეხება პანორამული პროექტის გახორციელებას, იქნება სრულიად უსაფრთხო ანძაზე მოსული სტუმრებისათვის, რადგან ციფრული მაუწყებლობა გამოსხივებისაგან სრულიად დაცულია.

„სამწუხაროდ ამჯამად, არც ტურისტებს და არც ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს საშუალება, ანძაზე მოიწყონ ექსკურსია, თუმცა ველოდებით პანორამული პროექტის გახორციელებას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. ეს პროექტი ჩამოსულ სტუმარს და ასევე ადგილობრივ მაცხოვრებელს მისცემს შესაძლებლობას, რომ დატკბეს პანორამული ხედით და ასევე მოკლედ გაეცნოს ანძის ისტორიას.“

მარიამ ბუთურიშვილი, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

მასალა ქვეყნდებასაქართველოს უნივერსიტეტისადა BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში

დაკავშირებული სურათი

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …