TAV-ი ავიაკომპანიებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში სიხშირეების ზრდის შემთხვევაში მოსაკრებელს შეუმცირებს

თბილისი (BPI) – თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავიაკომპანიებს, რომლებიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში სიხშირეებს გაზრდიან, მოსაკრებლების მხრივ, ფასდაკლებას სთავაზობს. TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძე ამბობს, რომ კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის მიერ ავიარეისების შეზღუდვით დარგს ნაკლები ზიანი მიადგეს და აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის მხრივ პრობლემები არ შეიქმნას.

“ვმუშაობთ ყველა მიმართულებით რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ. ვესაუბროთ ყველა ავიაკომპანიას, რათა მათთვის მიმზიდველი იყოს თბილისი და ბათუმი. რუსეთის მიერ ავიარეისების შეჩერება ძალიან ცუდ დროს მოხდა. ეს თითქმის შუა ტურისტული სეზონია, როცა ტურისტულ პაკეტების უმეტესობა უკვე გაყიდულია. ამ ფონზე, ვცდილობთ, რომ ავიაკომპანიებს უკეთესი პირობები შევთავაზოთ. ეს იქნება დამატებითი კომფორტი მათთვის, ვინც თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სიხშირეებს გაზრდიან”, განმარტავს თეა ზაქარაძე.

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე ამბობს, რომ რუსეთი მნიშვნელოვანია ბაზარია, თუმცა საქართველო ამ ბაზარზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

“ეს არის მნიშვნელოვანი ბაზარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ამიტომაცაა, რომ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ დამატებით ფასდაკლებას, ვინც კი სიხშირეებს გაზრდის. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, რათა საქართველო მათთვის საინტერესო გახდეს”, განმარტავს ზაქარაძე და დასძენს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის დედაქალაქის მთავარი აეროპორტი, რომელიც წელიწადში 4 მლნ მგზავრს ემსახურება.

“ასევე მეორე აეროპორტი, ჩვენს მიერ ოპერირებადი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი არის საქართველოში ყველაზე აქტიური ტურისტული მიმართულება და შესაბამისად ძალიან დატვირთულია ზაფხულის სეზონზე. ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს რუსული 5 ავიაკომპანია, ასევე ბათუმშიც ოპერირებს რუსული 5 ავიაკომპანია.

ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობა მთლიანი ტრაფიკის 36%-ი იყო, ხოლო თბილისში – 18%-ი. რაც შეეხება 6 თვის მონაცემებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მთლიანი ტრაფიკის 26%-ი არის რუსული ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრი, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – 24%-ი. უკვე ყველა რუსულმა  ავიაკომპანიამ გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ წყვეტენ ოპერირებას”, აცხადებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …