წინანდლის ფესტივალი მეოთხე სეზონით და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება

ხვალ, 2 სექტემბერს, წინანდლის ისტორიულ მამულში, წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი აიღებს სტარტს. 2022 წლის სეზონზე კლასიკური მუსიკის მოყვარულებს წინანდლის ფესტივალი დაუვიწყარ კონცერტებს პირდება. წლევანდელ კონცერტებში, ცნობილი მუსიკოსების გვერდით, პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრიც მიიღებს მონაწილეობას. სიმფონიური ორკესტრი რეგიონის 6 ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტდა. ორკესტრი სრული შემადგენლობით უკვე ორი კვირაა წინანდლის მამულშია შეკრებილი და მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრების პედაგოგების ხელმძღვანელობით რეპეტიციებს გადის.

მეოთხე სეზონის პირველ საფესტივალო დღეს მაყურებლის წინაშე სწორედ პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წარდგება, დღევანდელობის ერთ-ერთ ახალგაზრდა ვარსკვლავთან, მაო ფუჯიტასთან ერთად. კონცერტს უკრაინელი მუსიკოსი ოკსანა ლინივი უდირიჟორებს. პროგრამა გაიხსნება, უკრაინელი კომპოზიტორის, ბოჰდანა ფლორიაკის ნაწარმოებით. ასევე, შესრულდება იოჰანეს ბრამსის პირველი საფორტეპიანო კონცერტი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია.
ათდღიანი ფესტივალის ფარგლებში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 4 კონცერტს გამართავს. წლევანდელ პროგრამაში სოლისტებს შორის არიან მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები რენო კაპუსონი, ლუკას დებარგი, სონგ-ჯინ ჩო, კრიშტოფ ბარატი, ვილდე ფრანგი, დენის კოჟუხინი, კიან სოლტანი, ნოა (ახინოამ ნინი), ლი ლა, ჟულიენ კვენტინი, დევიდ აარონ კარპენტერი და სხვ.

კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2019 წელს წინანდლის ისტორიული მამულში გიორგი რამიშვილის ინიციატივით და კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით დაფუძნდა. გლობალური პანდემიის და ბევრი სირთულის მიუხედავად, ფესტივალი ყოველი წლის სექტემბერში საქართველოს ულამაზეს რეგიონში, ღვინის სამშობლოში, წინანდალში იმართება. მდიდარი საფესტივალო პროგრამის შედგენა ფესტივალის თანადამფუძნებლების ავი შოშანისა და მარტინ ენგსტროემის დამსახურებაა, რომლებიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ვერბიეს კლასიკური მუსიკის ფესტივალის დამფუძნებლები არიან. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე.

გამორჩეული საკონცერტო პროგრამის და კლასიკური მუსიკის სფეროში აღიარებული მუსიკოსების მოწვევის გარდა, წინანდლის ფესტივალის დაფუძნების იდეა საგანმანათლებლო და სამშვიდობო მიზნებს ემსახურება. ფესტივალის ფარგლებში, 2019 წელს დაფუძნდა პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც საკონკურსო მოსმენების შედეგად, მეზობელი ქვეყნებიდან 80-მდე ახალგაზრდა მუსიკოსით კომპლექტდა.
2022 ფესტივალის პროგრამაში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კვლავ დაბრუნება საქართველოს მთავრობისა და შვეიცარიის და ნორვეგიის დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. მშვიდობის და სოლიდარობის კულტურული ხიდის გასამყარებლად ახალგაზრდა მუსიკოსებს უკრაინიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან, წელს მუსიკოსები თურქმენეთიდან შემოუერთდნენ.

“დღევანდელ დღეს პანკავკასიური ორკესტრის შეკრება აუცილებელია, მისი არსებობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ქართველებმა კარგად ვიცით, რა არის ომი და ოკუპაცია. და მომავალში ომების თავიდან ასაცილებლად რეგიონის ახალგაზრდებს შორის მეგობრული დიალოგი ყველაზე ქმედით იარაღად გვესახება. სწორედ ამაში მდგომარეობს პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის შექმნის იდეა. ახალგაზრდულმა ორკესტრმა უკვე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და შვეიცარიის და ნორვეგიის საელჩოების დახმარებით წელს ორკესტრი წინანდალში კვლავ შეიკრიბა. ამ საქმეში დახმარება გაგვიწია საქართველოს კულტურის სამინისტრომ, რომელიც შემოგვიერთდა ფესტივალის ყველა მხარდამჭერს იმ იმედით, რომ ეს საერთაშორისო თანამშრომლობა კარგ მაგალითად იქცევა და მას რეგიონის სხვა ქვეყნებიც აიტაცებენ. – გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი.

ღია და დახურულ საკონცერტო დარბაზებში ათი დღის განმავლობაში, მსმენელისთვის დღეში ორი კონცერტი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში წინანდლის მამულში გაბრიაძის სახელობის თოჯინების თეატრის დებიუტი შედგება. ფესტივალს დახურავს ვილდე ფრანგი და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ვასილი პეტრენკოს დირიჟორობით. შესრულდება შოსტაკოვიჩის პირველ სავიოლინო კონცერტი და პროკოფიევის მეხუთე სიმფონია.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:  www.tsinandalifestival.ge

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …