სადაზღვევო გამოწვევები

სადაზღვევო ინდუსტრია ახალ წელს სიახლეებითა და ახალი გამოწვევებით ხვდება. 2019 წლის დადგომისთანავე, 1 იანვრიდან მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დამსაქმებელს დასაქმებულების უბედური შემთხვევის დაზღვევა მოუწევს. ნორმის ამოქმედებას ეჭვისთვალით უყურებენ ექსპრეტები და განმარტავენ, რომ უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევას „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი დასაწყისისთვის ფორმალურად ამოქმედდება, რადგან კანონი არ განმარტავს ლიმიტსა და პირებებს. ინდუსტრია იმედოვნებს, რომ შეჯერება მოხდება კანონში შევა ცვლილებები, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა დეტალი.

***

რთული აღმოჩნდა 2018 წლის ბოლო თვე. ინდუსტრია საბანკო სექტორს დაუპირისპირდა და 12-მა სადაზღვევო კომპანია საბანკო „ექსპანსიის“ წინააღმდეგ გაილაშქრა. ინდუსტრიას ბანკების კონტროლის ქვეშ არსებული სადაზღვევო კომპანიები აშინებს.

„ვდგავართ რეალობის წინაშე, როდესაც იშლება ზღვარი საბანკო და სადაზღვევო სექტორს შორის. დამოუკიდებელ სადაზღევო კომპანიებს ეზღუდებათ ბაზარზე წვდომა და  ბანკების ხელში არსებული რესურსების უკონტროლოდ გამოყენების პირობებში, თავისუფალი მოთამაშეებისთვის ადგილი აღარ რჩება.

ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80-90% მიაქვთ, რასაც აღწევენ საკუთარი მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვით და მათი იძულებით სესხის აღებისას შეიძინონ მხოლოდ მათთან აფილირებილი სადაზღვევო კომპანიების პოლისები; აღნიშნული განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება თიბისი ბანკის, ბაზისბანკის და საქართველოს ბანკის მაგალითზე, სადაც ეს უკანასკნელი კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანიის დაარსებაზე იღებს თანხმობას ეროვნული ბანკისგან“, – ინდუსტრია ეროვნულ ბანკს, დაზღვევის ზედამხედველის სამსახურს, პარლამენტს და მთავრობას ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

„არ გავურბივართ კონკურენციას და არ ვითხოვთ სახელმწიფოსგან პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას. ჩვენ ვითხოვთ თავისუფალ კონკურენციას და თანაბარ შესაძლებლობებს ბაზრის ყველა მოთამაშისთვის. ჩვენი სურვილია ბანკებს ვუყუროთ, როგორც პარტნიორებს და არა, როგორც ჩასაფრებულ მტაცებლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საბანკო ჯგუფების სადაზღვევო ბაზარზე ოპერირების კონკურენციის კანონით შეზღუდვა თიბისი ბანკის გენერალურ დირექტორს შეცდომად მიაჩნია. ვახტანგ ბუცხრიკიძე “თიბისი დაზღვევის” 2-წლიან საქმიანობას წარმატებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტების 50%-ზე მეტი  ბანკისგან დამოუკიდებელად იყიდება. ბუცხრიკიძე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი რეგულაცია ჯანსაღია და ის მომხმარებელს საუკეთესო არჩევანის გაკეთების საშუალებას იძლევა.

***

წლის ბოლოსთვის სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფმა“ ევროპული კომპანია EuroinsGroup-თან შერწყმის პროცესის დასრულებაზე განაცხადა. კომპანია რებრენდინგის დასრულების შემდეგ იანვრიდან ბაზარზე ოპერირებას უკვე „ევროინსის“ სახელით განაგრძობს. ლურჯი ფერის, სადა ლოგოს დიზაინი გაქართულებული ვერსიაა იმ ლოგოსი, რომელსაც „ევროინსი“ ყველა თავის კომპანიაში იყენებს.

შეიცვლება აქციონერთა სტრუქტურაც, საკონტროლო პაკეტის, 51%-ის მფლობელი Euroins Group-ი იქნება, 49%-ის – ქართული მხარე. Euroins Group-ის წევრები კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოში დაიკავებენ ადგილს.

აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გეორგი მარკოვი საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივებს ხედავს, მოსწონს სანდო პარტნიორთა გუნდი, მზაობა ცვლილებებისთვის, ცოდნაზე ორიენტირებული კადრები და ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო.

დაუსახელებელი დარჩა ინვესტიციის ზუსტი მოცულობა, არც გარიგების დეტალები გახდა საჯარო. მხარეები ამბობენ, რომ გარიგების მოცულობა რამდენიმე მილიონი ლარია და უტოლდება იმ გარიგებების საფასურს, რომელიც „ევროინსს“ ჰქონდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. „ევროინსის“ გენდირექტორი თენგიზ მეზურნიშვილი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიის საწესდებო კაპიტალი  2,2 მლნ ლარიდან 7 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

***

2018 წელს სავარაუდოდ ინდუსტრია წარმატებით დაასრულებს. დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 9 თვის მონაცემებით, სექტორის მოგება ერთი წლის განმავლობაში 2,6-ჯერ გაიზარდა და 17-მა სადაზღვევო კომპანიამ  საქმიანობა 34.7 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. კომპანიებში ამბობენ, რომ კონკურენცია მაღალია, გაიზარდა მომხმარებელთა ცოდნა. 71.5 მლნ ლარით გაიზარდა და 417.2 მლნ-ს მიაღწია მოზიდული პრემიების მოცულობა, ანაზღაურებული ზარალი – 221 მლნ-მდეა. კომპანიათა ჯამური კაპიტალი 200 მილიონს აღემატება.

მოზიდული 88 მლნ ლარიანი მოზიდული პრემიების პორტფელით „ჯიპიაი ჰოლდინგი” ლიდერობს. მოწინავეთა შორისაა ალდაგი (62  მლნ) და იმედი L (51 მლნ). აქტიურობს ბაზრის შედარებით ახალი მოთამაშე თიბისი დაზღვევა, პორტფელი კომპანიამ ერთ წელში 2-ჯერ გაზარდა და 44.5 მლნ ლარს მიაღწია.

***

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, სადაზღვევო ინდუსტრიაზე საუბრისას მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ბაზრის სიჯანსაღე დღეს სახეზეა და ინდუსტრია აღარ არის ისეთი რისკების წინაშე როგორიც  სახელმწიფო პროგრამების დაწყებიდან რამდენიმე წელში აღმოჩნდა, რასაც რამდენიმე კომპანიის გაკოტრებაც კი მოყვა. ბაზრის განვითარების მნიშვნელოვან გარანტიას იძლევა ევროდირექტივით ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას გულისხმობს. ვალდებულების შესრულების ვადად 2019 წლის ბოლო განისაზღვრა, შესაბამისად, ექსპერტები 2019 წლიდან სავალდებულო დაზღვევის ცნების მნიშვნელობის გაგების ამაღლებას მოელიან, მათ შორის ავტომფლობელების მესამე პირის თუ სხვა სავალდებულო სადაზღვევო პროდუქტების მიმართ.

ევროდირექტივებმა დააჩქარა სადაზღვევო კომპანიების კაპიტალის ზრდა და მისი იურიდიულ-სამართლებრივი ცვლილება, რომლის თანახმადაც ყველა სადაზღვევო კომპანია უკვე სააქციო საზოგადოებად არის ჩამოყალიბებული. შესაბამისად, კომპანიებს აქციონერები და აქციონერთა საერთო კრება მართავს, ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორატი და მიღებული გადაწყვეტილებების შემთხვევაში გაცილებით უფრო მცირდება შეცდომების ალბათობაც. ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით სადაზღვევო კომპანიათა კაპიტალის მინიმალური მოთხოვნა 2,2 მლნ ლარია სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის მოპოვებისთვის, არასიცოცხლის კი 2 მლნ ლარი. კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის თანახმად, ეს მაჩვენებელი ეტაპობრივად კიდევ უფრო გაზირდება. დარგის სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს დამოკიდებულება უფრო ამაღლებს სადაზღვევო კომპანიებისა და სადაზღვევო ბაზრის ფინანსურ მდგრადობას ისე როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია და ეს მნიშვნელოვანი დაცვაა როგორც დაზღვეულის, ასევე სადაზღვევო ინდუსტრიის.

მნიშვნელოვან შედეგს ელიან 2018 წლის 1 მარტიდან ამოქმედებული მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესის ამოქმედების შედეგად. საქმე ეხება სავაჭრო ცენტრებს; ბაზრობებს; ავტოგასამართი და აირგასამართ სადგურებს; 100-ზე მეტ ადგილიან სასტუმროებს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ხელს შეუწყობს კომპანიების პრევენციაზე ზრუნვას და ისინი გააუმჯობესებენ უსაფრთხოების სისტემების გამოყენებას.

***

„ევროინსის“ გენდირექტორი თენგიზ მეზურნიშვილი არ გამორიცხავს, რომ ბაზარზე გამსხვილების შედეგიც ვნახოთ. მეზურნიშვილი არ მალავს, რომ კომპანიის ახალი, ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან გამსხვილებით, განიხილავენ კომპანიის გახსვისება-გაყიდვასთან დაკავშირებით შეთავაზებებს. „ვფიქრობ გამსხვილება მოსალოდნელია, მაგრამ ეს უნდა იყოს ბუნებრივი პროცესი. ბუნებრვი პროცესით გამსხვილებამ  შეიძლება გამოიწვიოს ის რომ სადაზღვევო ბაზარზე ჩამოყალიბდეს იმდენი კომპანია, რამდენიც სჭირდება ბაზარს რათა მიაწოდოს მრავალმხრივი პროდუქტი და მეორე მხრივ შენარჩუნებული იყოს კონკურენცია“, – განმარტავს მეზურნიშვილი. ის საქართველოს სადაზღვევო ბაზრის პერსპექტივებსაც განიხილავს: სლოვენიის მაგალითზე ერთ სულ მოსახლეზე სადაზღვევო პრემია 1000 ევროა, დაახლოებით 2 მლნ-იანი მოსახლეობის პირობებში სადაზღვევო შემოსავლები 2 მლრდ ევროს აღწევს, თუ შევადარებთა ამას საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას, დავინხავთ იმ პერსპექტივას რომელიც საქართველოს სწორი განვითარების პირობებში გააჩნია – ეს არის საკმაოდ დიდი პოტენციალი და ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარს უახლოეს პერსპექტივაში სულ ცოტა 10-ჯერ გაზრდის შესაძლებლობა აქვს, თუმცა რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულია, ეკონომიკის ზოგადი ზრდის ტემპზე.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …