თბილისი (BPI) – Georgian Bus-ი ირლანდიური “ლოუკოსტერის” Ryanair-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა. როგორც Georgian Bus-ში აცხადებენ, ეს პარტნიორობა მგზავრებისთვის უფრო მეტი კომფორტის გარანტია იქნება.
Ryanair-ისა და Georgian Bus-ის პარტნიორობის საფუძველზე, მგზავრს Georgian Bus-ის მომსახურებით სარგებლობა და ტრანსფერის დაჯავშნა/ყიდვა Ryanair-ის ვებ-გვერდიდან შეეძლებათ.
“შეიძინეთ ბილეთები ევროპის სასურველი მიმართულებით და დაჯავშნეთ შესაბამისი ტრანსფერი ავიაკომპანიის ვებგვერდის თქვენი ანგარიშიდან!
შეარჩიეთ ტრანსფერის თქვენთვის მოსახერხებელი ფორმა:
🚍 ავტობუსის სერვისი;
🚖 ინდივიდუალური ტრანსფერი;
🚕 ტაქსის სერვისი;
ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენს უსაფრთხო, დროულ და კომფორტულ გადაადგილებაზე”, განმარტავენ Georgian Bus-ში.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმება 12 მიმართულებაზე მოხდა, რომელზეც ოპერირებას ავიაკომპანია სამომავლოდ განახორციელებს.
პირველ ეტაპზე Ryanair ქუთაისის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით ფრენებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს. პირდაპირი ავიარეისები 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება.
ხოლო თბილისის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით იფრენს მილანში (2019 წლის 6 ნოემბრიდან), ხოლო 3 სიხშირით – კიოლნში (2020 წლის აპრილიდან).
Ryanair-ი ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ის წელიწადში 139 მლნ მგზავრს ემსახურება. დღეში ავიაკომპანია 2400 ფრენას ახორციელებს და 87 ბაზა გააჩნია. ფრენებს კომპანია 37 ქვეყნის 224 მიმართულებით ასრულებს. კომპანიის მფლობელობაში 475 ხომალდი, მათი უმრავლესობა კი Boeing 737 ტიპისაა. Ryanair Holdings plc ევროპის უმსხვილესი საავიაციო ჯგუფია. მისი შვილობილი კომპანიებია Ryanair DAC, Lauda, Buzz და Ryanair UK. ჯგუფი 1985 წელს შეიქმნა და 19 000-მდე ავიაპერსონალი ჰყავს.