ROSC – საბანკო სექტორი ჯანსაღი კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვის კუთხით საქართველოში მოწინავეა

ქართული საბანკო სექტორისთვის შემუშავებული კორპორაციული მართვის ჩარჩო გამართული და ყოვლისმომცველია და  საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ამის შესახებ აღნიშნულია სტანდარტებისა და კოდექსების შესრულების (ROSC) შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში, რომელიც კორპორაციული მართვის სფეროში 2002 წელს სტანდარტებისა და კოდექსების პირველად განხორციელებული შეფასების განახლებაა.

ახალი ROSC-ი  საქართველოში კორპორაციული მართვის პოლიტიკის ჩარჩოს 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით განიხილავს, ხაზს უსვამს კორპორაციული მართვის რეგულაციების ბოლოდროინდელ გაუმჯობესებას, აანალიზებს ფაქტობრივ პრაქტიკას, იძლევა განხორციელების და პოლიტიკის რეკომენდაციებს და ინვესტორებს  საბაზისო ნიშნულს აძლევს, რომლის მიმართაც უნდა შეფასდეს საქართველოში კორპორაციული მართვის პრაქტიკა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომერციული ბანკებისთვის 2018 წლიდან ამოქმედებული კორპორაციული მართვის კოდექსი, რომელიც საქართველოში ყველა ბანკისთვის სავალდებულოა, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის კორპორაციული მართვის პრინციპებს ზედმიწევნით შეესაბამება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ:

  • კოდექსი მოიცავს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებთან დაკავშირებულ ასპექტებს, როგორიცაა ESG საკითხებისა და რისკების საბჭოში განხილვა და მოთხოვნები ESG საკითხების გამჟღავნების შესახებ;
  • საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, კოდექსში გენდერული მრავალფეროვნების მოთხოვნაა გათვალისწინებული;
  • კოდექსი ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ უამრავ დახვეწილ და მოწინავე დებულებას მოიცავს, მათ შორის ცვალებადი ანაზღაურების შემცირებისა და დაბრუნების შესახებ.

ანგარიშის მიხედვით, კორპორაციული მართვის კოდექსი ბანკებისათვის რისკების მართვის თანამედროვე ჩარჩოს აყალიბებს. დადებითად არის შეფასებული კორპორაციული მართვის მთლიანი სტრუქტურა და აღნიშნულია, რომ სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორთა საბჭოსთან ერთად, რისკის მართვის ჩარჩოების შემუშავებასა და დამტკიცებაზეა პასუხისმგებელი. დირექტორატსა და სამეთვალყურეო საბჭოს ასევე ევალებათ შიდა აუდიტის ფუნქციის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფა, ხოლო საბჭოს აუდიტის კომიტეტი შიდა და გარე აუდიტორებს შორის ადეკვატურობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი. შიდა აუდიტის ფუნქციასთან დაკავშირებული სტანდარტების დანერგვაზე ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კომერციული ბანკები შესაბამის სტანდარტებს 100%-ით აკმაყოფილებენ.

პროგრამის ფარგლებში, მარეგულირებელ ჩარჩოსთან ერთად, სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვისა და გამოყენების საკითხიც შეფასდა. ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორი კარგი კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვის კუთხით საქართველოში მოწინავეა. საბანკო სექტორმა დანერგა განახლებული პოლიტიკები, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოები დამოუკიდებელი წევრების მნიშვნელოვანი რაოდენობით, საბჭოს კომიტეტების სრული ნაკრები და სამეთვალყურეო საბჭოების მკაფიო პასუხისმგებლობა რისკების მართვაზე, შიდა კონტროლსა და შიდა აუდიტორზე.

შეფასების ანგარიში კორპორაციული მართვის ჩარჩოს ხუთი ძირითადი მიმართულებით შეფასებას და თითოეული მიმართულების გაუმჯობესებისათვის შემუშავებულ რეკომენდაციებსაც მოიცავს. ანგარიში არსებითად, Dentons Georgia-ს მიერ ჩატარებულ ქვეყნის დეტალურ შეფასებას (როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის კუთხით), ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით, შეფასების პროცესში ჩატარებულ კვლევებს დაეფუძნა. რეკომენდაციები, რომლებიც ანგარიშშია მოცემული, მთელ რიგ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებზე, გაიდლაინებსა და პრაქტიკაზე და მსოფლიო ბანკისა და სხვათა მიერ წარმოებულ უახლეს ხელმისაწვდომ კვლევებზე დაყრდნობით მომზადდა.

აღსანიშნავია, რომ ROSC-ის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ, მონაწილე შესაბამისი მხარეების, მათ შორის ბანკების, ინფორმირებულობისა და კორპორაციული მართვის მნიშვნელობის აღქმის ზრდა აჩვენა ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში.

“ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულმა კორპორაციული მართვის კოდექსმა მნიშვნელოვნად და დადებითად იმოქმედა ბანკების კორპორაციული მართვის პრაქტიკაზე. კოდექსით დადგინდა საბჭოში დამოუკიდებელი წევრების რაოდენობის მინიმალური მოთხოვნა. შედეგად, 2019 წლიდან დღემდე გაიზარდა დამოუკიდებელი წევრების წილი. ასევე, დადებითი დინამიკა აჩვენა საბჭოს წევრ ქალთა წილმაც, კერძოდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი წილი საბჭოებში, რაც კოდექსში გათვალისწინებული გენდერული მრავალფეროვნების მოთხოვნის პირდაპირი შედეგია. ეროვნული ბანკი, კორპორაციული მართვის სტანდარტების გაუმჯობესებაზე მუშაობას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით კვლავაც განაგრძობს, მათ შორის ROSC-ის შეფასების ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით”, –  განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …