როგორ ებრძვის სახელმწიფო ბრაკონიერობას და რამდენად ხშირია უკანონო ნადირობის ფაქტები

თბილისი (BPI-UG) – „იარაღი სულ მზად მაქვს! მსხვერპლი შეიძლება უცაბედად დაგესხას თავს, ამიტომ სულ მზად უნდა იყო. შემდეგ ვხედავ მას, მიზანში ვიღებ და სასხლეტს თითს ვადებ. სასიამოვნო გრძნობაა, როცა ხვდები, რომ მისი ბედი შენს ხელშია. მიზანს ვაკონტროლებ და სროლისთვის შესაფერის მომენტს ველოდები. ამ დროს ვერაფერს ხვდება, ვერც საფრთხეს გრძნობს. ვინ იცის სად მიდის ან რის გაკეთებას ცდილობს. ნელ–ნელა ვაკვირდები მას და არაფერზე ვფიქრობ, გარდა ერთისა – არ უნდა ავაცილო. სასხლეტს ნელ–ნელა თითს ვაჭერ და ადრენალინის საოცარ მოზღვავებას ვგრძნობ. „ბრახ“ და აქ მთავრდება ყველაფერი ან ვინ იცის, შეიძლება იწყება კიდეც…“ – ამბობს ლევანი და ალბათ ყველა მონადირე ამას გრძნობს მის მსგავსად.

საინტერესოა რამდენი ცხოველი იღუპება ყოველი ნადირობის შედეგად, ან შესაძლოა სამუდამოდ ნადგურდება კიდეც, თუმცა ლევანი ამის შესახებ არ ფიქრობს, ან ვინ იცის იქნებ არ უნდა რომ იფიქროს. ლევანს მკაცრი გარეგნობა აქვს, წარბები მუდამ შეკრული. თუმცა კარგი იუმორის გრძნობით გამოირჩევა. დაახლოებით 45 წლისაა, მაღალი, ოდნავ შეთხელებული თმით და გრძელი წვერით. ყოველი ნახვისას მის თვალებში საოცარ გაურკვევლობას და რაღაც უცნაურ გამოხედვას ვგრძნობ. სახეზე ნაიარევი აქვს, თუმცა მისთვის არ მიკითხავს საიდან. იარაღებში კარგად ერკვევა, რადგან 10 წელზე მეტია ჯარში მსახურობს. ნადირობა ყველაზე მეტად უყვარს, განსაკუთრებით აკრძალულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებში. შეიძლება ითქვას, ბრაკონიერობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2013 წლიდან დღემდე უკანონო ნადირობის დაახლოებით 2000 ფაქტი აღირიცხა, მათგან 20 შემთხვევაზე სისხლის სამართლის დანაშაულის მუხლით არის აღძრული.

მიუხედავად უკანონო ნადირობის წინააღმდეგ სანქციებისა, ბრაკონიერობის ფაქტები ჩვენს ქვეყანაში მაინც ფიქსირდება.

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ბრაკონიერების სამიზნე სახეობებს განეკუთვნებიან დათვები (2013-დან დღემდე მოკლულია 4 ინდივიდი), ჯიხვები (მოკლულია 3 ინდივიდი), შვლები (მოკლულია 6 ინდივიდი). ბრაკონიერების სანადირო სახეობებს ასევე განეკუთვნებიან გარეული ღორები, კურდღლები და არჩვები. რაც შეეხება ფრინველების, სტატისტიკას, ყველაზე სავალალო მდგომარეობა მწყრებს აქვთ. (2013 წლიდან დღემდე, მწყრების დაახლოებით 170 ინდივიდია მოკლული).

საინტერესოა  რა მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ბრაკონიერობას, რამდენად ხშირია უკანონოდ ნადირობის ფაქტები და როგორ ისჯებიან ადამიანები, რომლებიც უკანონოდ ნადირობენ?

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი მაია ჩხობაძე აღნიშნავს, რომ არსებობს „ორმაგი საჯარიმო სანქცია.“

„ბუნებრივ რესურსებთან მიმართებაში გვაქვს ორმაგი საჯარიმო სანქცია. პირველი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია, კერძოდ 86-ე მუხლი ითვალისწინებს უკანონო ნადირობასთან დაკავშირებულ სანქციებს, იმის მიხედვით, თუ სად, როგორ და რომელი იარაღით მოხდა ნადირობა. ეს საჯარიმო სანქცია 500-დან 1500 ლარამდე მერყეობს. თუ მოპოვებულია მოკლული ცხოველი, საჯარიმო სანქციას ასევე ემატება გარემოსთვის მიყენებული ზარალი. ეს არის თანხა, რომელიც გამოთვლილია იმის მიხედვით, თითოეული სახეობა ცოცხალი, რომ ყოფილიყო, რა სარგებელს მოუტანდა გარემოს.

რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომას, ეს ხდება მაშინ, როდესაც, სახეზე მნიშვნელოვანი ზიანი გვაქვს. მნიშვნელოვანი ზიანი არის იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 2000 ლარს აღემატება, რომელიც გამოსწორებად სამუშაოებს, ან პატიმრობას ითვალისწინებს” _ აცხადებს მაია ჩხობაძე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ცხელი ხაზის, 153-ის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ცხელ ხაზზე უკანონო ნადირობის ფაქტის დაფიქსირებისთანავე ყველა მოქალაქემ უნდა დარეკოს ნებისმიერი ფაქტის დარღვევის აღმოჩენისთანავე და უნდა თქვან – თუ სად ხდება უკანონო ნადირობა. მობილური ჯგუფი 24 საათის განმავლობაში პატრულირებს და შეტყობინების მიღებისთანავე, დაიწყებს რეაგირებას.

საქართველოში ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს კანონიერად ნადირობის ყველანაირი გზა არსებობს.

გადამფრენ ფრინველებზეც შეგვიძლია კანონიერად ვინადიროთ, მათზე სანადიროდ უნდა ავიღოთ 10 ლარიანი ქვითარი და მთელი 6 თვე ამ 10 ლარის ფარგლებში შესაძლებელია ნადირობა. მონადირე პირს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული იარაღის ფლობისა და ტარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ე.წ. „ლიცენზია.

ნადირობა აკრძალულია – სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი _ გოჩა ჩხარტიშვილი.

როგორც ვხედავთ კანონიერად ნადირობის მრავალი არჩევანის მიუხედავად საზოგადოების ნაწილს მაინც ურჩევნია უკანონოდ ნადირობა. რა არის ამის მიზეზი?

ამის გასარკვევად „საგამოძიებო სამუშაო“ და მეგობრის ოჯახის წევრებისგან გამეგო თუ, რატომ არ ნადირობენ კანონიერი გზებით, რატომ ურჩევნიათ „ბრაკონიერობა“ და რას გრძნობენ ნადირობის დროს?

ლევანს ნადირობა ყველაფერს ურჩევნია. გადავწყვიტე სწორედ მისგან გამეგო რას გრძნობს ნადირობისას და რა იზიდავს ბრაკონიერობაში?

– სანადიროდ მიდიხართ? – ვეკითხები. ლევანს იარაღის გაწმენდა არ შეუწყვეტია ისე მპასუხობს.
– ხო, საღამოსკენ გავდივართ ბორჯომში, – იარაღი ახლოს მიიტანა, ცალი თვალი დახუჭა, ლულაში გაიხედა და განაგრძო: ერთი სული მაქვს როდის ვინადირებთ ამ თოფით. გიორგი და ჯანოც მოდიან, ახალი ვინჩესტერი დაუთრევია ჯანოს და უნდა გასინჯოს.
– რაზე ნადირობთ?
– დღეს ირმები უნდა დავყაროთ.
– რა მოგწონთ ნადირობაში? პოლიციის მაინც არ გეშინიათ?
– ეე, აზრზე არ ხარ რა! საშიში როა მაგას აქვს მუღამი და ეგაა საკაიფო ზუსტად, თორე ხორცის ჭამა რომ მინდოდეს ჩავალთ აგერ მაჭახელაში და მწვადს იქაც შევჭამთ, – თქვა ნაგუმ ლევანის მეგობარმა.
– მაგრად ასწორებს, მიზანში რომ გყავს ამოღებული, ბრახ და ძირს გდია ტო, – ამბობს ლევანი.
– მე რა პროცესი მევასება იცი? დანას, რომ ვურტყამ და თავს რომ აძრობ – აი, ეგ მევასება რა, – დაამატა ნაგუმ.
– ნაკრძალში რატო ნადირობთ? ტყეში რატომ არ ნადირობთ? იქ უფრო უსაფრთხო არ არის?
– ბიჭო ნაკრძალს სხვა მუღამი აქვს რა. წარმოიდგინე აკეთებ რაღაც უკანონო საქმეს, რომელიც გსიამოვნებს რა და იმხელა ადრენალინს იღებ თავი ომში გგონია რა.

მეორე დღეს, დილით ისევ მონადირეებს ვესტუმრე.
– რა ქენით ინადირეთ?
– აბა რა ვქენით ტო! შემო ნახე.

გარაჟში შევედი. ბიჭებმა ძირს დიდი ცელოფანი გაფინეს და კარები დაკეტეს. ლევანმა მანქანას საბარგული ახადა, საიდანაც ირემი და ორი გარეული ტახი გადმოიყვანეს და ძირს გაფენილ ცელოფანზე დაყარეს. მალე ცელოფანი სისხლისფრად დაიფარა. ჩემზე ყველაზე მეტად სისხლიანმა ირმის ნახვამ იმოქმედა, რომელსაც თვალები გახელილი ჰქონდა და უსულოდ ეგდო ცელოფანზე. კანკალმა ამიტანა,  რაღაც ჩამწყდა სხეულში და უკან გავიწიე…

– ეს დედალი ირემია, აფსუს ის მამალი, როგორ გაგვექცა თან ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, სინანულით თქვა ჯანომ. არა რაა! უნდა გავყოლოდით! შორს მაინც ვერ წავიდოდა და დავიჭერდით სადმე.
– ხო, მაგრამ უკვე თენდებოდა ბიჭო და საშიში იყო, – დააწყნარა ლევანმა.


ბრაკონიერობა ბევრი ადამიანისთვის უბრალოდ ჰობია, გასართობი საქმე და ამით თავს კარგად გრძნობს. ადამიანთა გარკვეული ნაწილი აკრძალულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობს არა ოჯახის სარჩენად, არამედ სიამოვნებისთვის. ამის მაგალითია ლევანი და მისი მეგობრები, მათთვის ნადირობა და ბრაკონიერობა ცხოვრების წესია.

ასე რომ ბრაკონიერობა ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ჯერჯერობით, მაინც ბოლომდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება. უამრავი რეგულაციებისა და ჯარიმების მიუხედავად ადამიანთა ნაწილი მაინც ნადირობს აკრძალულ ტერიტორიებზე, ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებში. მოტივი კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მარტივია _ ბრაკონიერობა მათ სიამოვნებას ანიჭებს. ამ საქმით ადამიანები სიამოვნებას ღებულობენ, ხოლო ათასობით ცხოველის, ფრინველისა თუ თევზის ნაირსახეობა სამუდამოდ ნადგურდება.

ამირან  კოპაძე, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …