რას ითვალისწინებს ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა საქართველოსთვის

თბილისი (BPI) – ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ურთიერთკავშირების გაძლიერებას, ეკონომიკური ზრდის წახალისებას და 2030 წლისთვის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ფარგლებში სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საინვესტიციო გეგმა, სადაც ნათქვამია, რომ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოვება, „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისათვის“ დოკუმენტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საინვესტიციო გეგმის ფარგლებში იდენტიფიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე საქართველოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის”  დანარჩენ ქვეყნებში, ჯამში 12.8 მილიარდი ევრო დაიხარჯება. რესურსი როგორც ევროკავშირის ასევე სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და თვითონ პარტნიორი ქვეყნების ბიუჯეტებიდან იქნება გამოყოფილი.  საინვესტიციო გეგმაში გათვალისწინებული პროექტების იდენტიფიცირება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მონაწილეობითა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით განხორციელდა. აღნიშნული პროექტებით შესაძლებელი გახდება ახალი და უკვე არსებული გზების, რკინიგზის, პორტების, აეროპორტების, ისევე როგორც, ლოჯისტიკური ცენტრებისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტების მშენებლობა და რეაბილიტაცია.

საინვესტიციო გეგმის განხორციელების შედეგად, ყველა ქვეყანაში ერთად დაგეგმილია 48 000 კმ. გზებისა და რკინიგზის მშენებლობა/რეაბილიტაცია, 6 პორტისა და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირების გაღრმავებას, რეგიონულ განვითარებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომის გაუმჯობესებას. ინფრასტრუქტურის სფეროს ინვესტიციებთან ერთად, საინვესტიციო გეგმა  ასევე მიზნად ისახავს ტრანსპორტის სფეროში ძირითადი რეფორმების განხორციელების და რეგიონში საგზაო უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ამასთან, საინვესტიციო გეგმა მნიშვნელოვანი ბერკეტია მასში წარმოდგენილ პროექტებში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად.

საინვესტიციო გეგმის თანახმად, საქართველოში იდენტიფიცირებულია 18 პრიორიტეტული პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 3.4 მილიარდ ევროს შეადგენს. აღნიშნული 18 პროექტიდან, 6 პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს და პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.3 მილიარდ ევროს შეადგენს. 2020 წლამდე, დაგეგმილია დამატებით 2 პროექტის განხორციელება რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 32 მილიონ ევროს შეადგენს. ხოლო 2030 წლამდე დაგეგმილია დამატებით 10 პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2.02 მილიარდ ევროს შეადგენს.

ევროკავშირთან ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში ფიზიკური ინტეგრაციის გაღრმავებას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული მიმართულება ასევე განხილულ იქნა 2018 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით გამართული საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების უმაღლესი დონის პირველი შეხვედრის ფარგლებში. სწორედ აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი იყო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტების შეთანხმება, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …