რა უნდა ღირდეს საწვავი სინამდვილეში

თბილისი (BPI) – მსოფლიოში ნავთობის გაიაფების შემდეგ ნავთობპროდუქტების ქართველი იმპორტიორები კოლოსალურ მოგებაზე გადიან.

მსოფლიოში ნავთობზე ფასები მკვეთრად ეცემა. 3 თვეზე მეტია ბირჟებზე ნავთობის ფასს დაღმავალი ტრენდი უჭირავს და 3 თვიან მონაკვეთში ფასი საშუალოდ 35%-ით შემცირდა. კერძოდ სექტემბრის თვეში ერთი ბარელი,  WTI -ის ტიპის ნავთობის ღირებულება 76 დოლარს, აღწევდა, დღეს კი იმავე ტიპის, ერთი ბარელი ნავთობი 50 დოლარად ივაჭრება. მსოფლიოში ნავთობზე ფასის ვარდნა, არაერთ ფაქტორს უკავშირდება, რომელიც მოვლენათა ერთ მთლიან ჯაჭვს ქმნიან, თუმცა ყურადღება იმ მთავარ ფაქტორებზე გავამახვილოთ, რომლებმაც ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, ნავთობის ფასის ფორმირებაზე. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ირანის ფაქტორი. სწორედ ირანისთვის დაწესებული სანქციების დაანონსებამ გამოიწვია, ბაზარზე ფასების მოკლევადიანი მატება, იმდენად რამდენადაც, ირანი ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია, შეიქმნა მოლოდინი, რომ ირანის ექსპორტის გარეშე ბაზარზე შეიქმნებოდა ნავთობის დეფიციტი და ეს თავის მხრივ გაზრდიდა მოთხოვნას. თუმცა ამის პარალელურად აშშ (რომელიც ნავთობის უმსხვილესი მომპოვებელია, მისი მოპოვება ოქტომბრის მონაცემებით დღეში 11.4 მლ ბარელს შეადგენს) ერთის მხრივ გაზარდა მოპოვება, ხოლო მეორეს მხრივ გახსნა მარაგები, ბაზარზე მოსალოდნელი დეფიციტის შესავსებად. ნავთობის ფასზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ე.წ. ფსიქოლოგიური მომენტები სწორედ, ასეთი აღმოჩნდა, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომელიც მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ტრამპი წერდა, რომ ნავთობის ფასი ძალიან მაღალი იყო და აშშ ყველაფერს გააკეთებდა მის შესამცირებლად. ამავე პერიოდში, ირანის ფაქტორის მოსალოდნელი განეიტრალებით ისარგებლა რუსეთმაც, რომელმაც, ასევე გაზარდა საკუთარი მოპოვება. აღნიშნული პროცესებიდან გამომდინარე მოსალოდნელი დეფიციტის მაგივრად, ბაზარს ჭარბი ნავთობის მიეწოდა, რამაც ფასის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ნავთობზე ფასების დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას ხელს უწყობს ევროპული ქვეყნების პოზიციაც, რომლის მიხედვითაც, ისინი ვერ იტყვიან ირანულ ნავთობზე უარს.

ყველაზე საინტერესოა მსოფლიო პროცესების პარალელურად, რა ხდება ქართულ საწვავის ბაზარზე. საქართველოში საწვავზე ფასების მატება პირველი კვარტლის შემდეგ დაიწყო და საერთო ჯამში ფასები 9-ჯერ დაკორექტირდა, ზრდის მიმართულებით. თუმცა მეტად საგულისხმოა, თუ რამდენად ემთხვეოდა ჩვენთან საწვავის გაძვირება, ადგილობრივ ეკონომიკურ თუ გლობალურ პროცესებს. მართალია მსოფლიოში ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად მცირდება 4 თვეზე მეტია, მაგრამ ეს ჩვენს ბაზარზე, პრაქტიკულად არ ასახულა, თუ არ ჩავთვლით 3-5 თეთრიან ფასების შემცირებას რომელიც, ბოლო კვირებში დაფიქსირდა. თუმცა მოდით შორიდან დავიწყოთ და ქრონოლოგიურად გავყვეთ, იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობდა საწვავის ბაზარზე.

საწვავზე ფასების ზრდა საქართველოში მაისის თვეში დაიწყო, ამის მიზეზად კი მსოფლიო ბაზრებზე ნედლი ნავთობის გაძვირება დასახელდა, ამ მომენტისათვის მართლაც ფიქსირდებოდა ნავთობზე ფასების მცირედი მატება. უფრო კონკრეტულად კი, ამ პერიოდში ნედლი WTI ტიპის ნავთობზე ფასი 3 დოლარით გაიზარდა, კომპანიებისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ფასები საცალო ქსელში დაუყოვნებლივ დაკორექტირებულიყო და საცალო ქსელში ფასები, მყისიერად გაიზარდა 3-5 თეთრით. მაგრამ ადგილობრივ ბაზარსა და მსოფლიო ტენდენციებს შორის კიდევ მრავალი და უფრო მასშტაბური შეუსაბამობებიც ფიქსირდება, თუ უფრო სიღრმისეულად ჩავშლით მონაცემებს დავინახავთ, რომ თებერვლის თვეში ბარელის ფასი 59-61 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ამ პერიოდში საქართველოში ერთი ლიტრი პრემიუმის (95ოქტ) შეძენა 2.29 ლარად იყო შესაძლებელი, ანუ იმაზე ძვირი ღირდა, ვიდრე მაისის თვეში, როდესაც ბარელი 70 დოლარზე იყო ასული. ამის შემდეგ, ანუ მაისიდან ივნისამდე, ნავთობზე და შესაბამისად პლაცსზე ფასების მატება გაგრძელდა, რაც კიდევ რამდენჯერმე გახდა საქართველოში საწვავის გაძვირების მიზეზი. მაგრამ როდესაც მაისის მეორე ნახევრიდან, ივნისის მეორე ნახევრამდე, ანუ ზუსტად ერთი თვის განმავლობაში ნავთობზე ჩვენ გვქონდა ფასზე მკვეთრად დაღმავალი ტრენდი და ბარელის ფასი 64 დოლარამდეც კი დაეცა ეს ცვლილება, უკვე დადებითად არ ასახულა ადგილობრივ ბაზარზე, მეტიც მსოფლიო ბაზარზე დაღმავალი ტრენდის პარალელურად, ჩვენთან საწვავზე ფასები გაიზარდა კიდეც 3-5 თეთრით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ აღნიშნულ 3 თვიან მონაკვეთში, სტაბილურობით ხასიათდებოდა ეროვნული ვალუტის კურსიც და ერთი დოლარის შეძენა საშუალოდ 2.44-2.45 ფარგლებში იყო შესაძლებელი. რაც შეეხება აგვისტოს მდგომარეობას, აგვისტოს პირველ ნახევარში საწვავზე ფასები საქართველოში 2 ჯერ დაკორექტირდა ზრდის მიმართულებით. საწვავის, აღნიშნულ გაძვირებას პრაქტიკულად არანაირი ეკონომიკური ახსნა არ გააჩნია, იმდენად რამდენადაც, ივლისის ბოლოდან, აგვისტოს მეორე ნახევრამდე, ნედლი ნავთობის ფასი 4 დოლარით იყო შემცირებული და მაშინდელი მდგომარეობით, WTI -ის ტიპის ნავთობის ფასი თითქმის 66 დოლარამდე იყო დაცემული. მსოფლიო ბირჟებზე ფასების მკვეთრი ვარდნა უკვე, თითქმის ორი კვირა გრძელდებოდა, რამაც ასახვა ჰპოვა იმხანად პლაცსის ფასზეც, თუმცა ამის მიუხედავად ადგილობრივ ბაზარზე ფასები გაიზარდა და ამის მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურება დასახელდა. სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ზუსტად ამავე პერიოდში ერთი კვირის ინტერვალში, ეროვნული ვალუტა 15 პუნქტით გაუფასურდა, მაგრამ ასე მყისიერად ეროვნული ვალუტის ცვლილებით, საწვავის ფასი ცვლილება თითქმის შეუძლებელია და არ ემორჩილება არანაირ ეკონომიკურ პრინციპებს, რომ არაფერი ვთქვათ 2 კვირიან მონაკვეთზე რომელშიც ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული და დაღმასვლის პროცესმა სექტემბრის დასაწყისამდე გასტანა.

 სექტემბრის მეორე ნახევრიდან, ბირჟებზე ნავთობის გაძვირების პროცესი დაიწყო და ამ პროცესმა, ოქტომბრის დასაწყისამდე გასტანა. სწორედ ამ პერიოდში დაფიქსირდა წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი ფასი ნავთობზე და მან WTI-ის ტიპის ნავთობზე 76 დოლარს გადააჭარბა. ამ პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე ფასები კიდევ 2 ჯერ გაიზარდა საწვავზე ფასები რასაც ლარი/დოლარის კურსის ცვლილებამაც შეუწყო ხელი, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტა 3 პუნქტით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში. დასაწყისში ხსენებულ მიზეზთა გამო, ოქტომბრიდან ბირჟებზე ნავთობის, მკვეთრი გაიაფება იწყება. ოქტომბრიდან დღემდე ბარელის ფასი საშუალოდ 35%-ით არის შემცირებული. ამის პარალელურად ბოლო ერთი თვის მონაკვეთში, თითქმის 7 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში. აღნიშნული პროცესები და ვადები სავსებით საკმარისია, იმისთვის, რათა ნებისმიერმა კომპანიამ, მნიშვნელოვნად გადახედოს საკუთარ საფასო პოლიტიკას და მკვეთრად შეამციროს ფასები. თუმცა აღნიშნულ პროცესებს 5 -მა ბრენდულმა კომპანიამ, მხოლოდ ერთჯერადი 3-5 თეთრიანი ფასების შემცირებით უპასუხა. ბაზარზე არსებულ არაჯანსაღ მდგომარეობას, უფრო ნათლად დავინახავთ, თუ არაბრენიდრებული და ბრენდირებული კომპანიების საფასო პოლიტიკას, ერთმანეთს შევადარებთ, სხვაობა 0.51 ლარს აღწევს, რაც ერთ ლიტრზე კოლოსალური სხვაობაა.

 მაგრამ მეტი სიზუსტისთვის, არსებული მდგომარეობისა და მონაცემების მიხედვით თუ დავთვლით საწვავის ფასს, რომელშიც შედის ერთი ტონა საწვავის ფასი, გაზრდილი აქციზის გადასახადი, დღგ-ს გადასახადი და ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი. (ანუ ყველა ხარჯი გარდა საოპერაციო და სატრანსპორტო ხარჯისა) არსებული მონაცემების პირობებში ერთი ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1.61 ლარს არ აღემატება.

 ცხადია ეს მხოლოდ თვითღირებულებაა და კომპანიები ამ ფასს ამატებენ, ზემოთხსენებულ ხარჯებსა და მოგების მარჟას, მაგრამ ერთ ლიტრზე 0.95 ლარი სხვაობას ძნელია ობიექტური და ჯანსაღი ახსნა მოეძებნოს. (ეს არის ყველაზე დაბალფასიან პროდუქტზე დათვლილი სხვაობა, პრემიუმ ტიპის პროდუქტებზე სხვაობა გაცილებით დიდია), თუმცა ამაში უჩვეულო არაფერია კომპანიები, კომერციული ორგანიზაციები არიან და ცხადია, მოგებაზე არიან ორიენტირებულნი, ფასები კი კონკურენციამ უნდა დაარეგულიროს. რომელიც ჩვენს რეალობაში პრაქტიკულად არ არსებობს. არ არსებობს, ასევე ეფექტური მაკონტროლებელი, რომელიც ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციაში ეფექტიანად ჩაერევა და აღკვეთს, ბაზარზე კონკურენციის კანონის უხეშ დარღვევას, რომელიც უკვე წლებია, ჩვენს ბაზარზე გრძელდება.


პაატა ბაირახტარი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბას ვიცე-პრეზიდენტი

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …