პროკურატურამ სს „ხალიკ ბანკი საქართველოს” კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირის ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სს „ხალიკ ბანკი საქართველოს” კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირის ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის დეკემბერში, მოქალაქე გ.ა-მ და ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელმა რ.ლ-მ, სს „ხალიკ ბანკი საქართველოს” კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ერთმანეთთან ყალბი მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც კომპანიას დამკვეთისთვის, თითქოსდა უძრავი ქონების საპროექტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გ.ა-მ და რ.ლ-მ საპროექტო მომსახურების ანაზღაურების მოტივით, საწარმოს მფლობელობაში არსებულ პოს-ტერმინალზე უნებართვოდ გააქტიურეს უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი VISA პლასტიკური ბარათი, რის შედეგადაც რ.ლ-ს საკუთრებაში არსებული კომპანიის საბანკო ანგარიშზე უკანონოდ ჩარიცხეს სს „ხალიკ ბანკი საქართველოს” კუთვნილი 239 450 ლარი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ურთიერთშორის გაინაწილეს.
გ.ა-ს და რ.ლ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენისა და მხილების მიზნით.