პაპუნა ლეჟავამ საბანკო ფორუმზე ფინანსურ ტექნოლოგიებსა და ციფრულ ლარზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საბანკო ფორუმში, რომელიც გამოცემა THE FINANCIAL-ის ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმის “საბანკო სექტორის მომავალი” (The Future of Banking) ძირითადი განხილვის თემა იყო საბანკო მომსახურების მომავალი, საბანკო სფეროს გამოწვევები და შესაძლებლობები, ციფრული ტექნოლოგიები.

ღონისძიებაზე პაპუნა ლეჟავამ საბანკო რეგულაციებსა და ციფრულ ტექნოლოგიებზე ისაუბრა.  საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე და საბანკო სექტორის მომავალზე. პაპუნა ლეჟავამ ასევე ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა: ფინტექის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, როგორებიცაა, ღია ბანკინგის სტანდარტიზაცია, მყისიერი გადახდები, ციფრული ლარი, ხოლო ფინტექ კომპანიებისთვის ფიქსირებული ხარჯების შემცირების მიზნით – ციფრული ბანკი.

“საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფინანსური ბაზრის განვითარებაზე. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარების და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და გაზარდოს ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა. ციფრული ლარით გვინდა ახალი, კომფორტული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული გადახდის საშუალება შევქმნათ”, – განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად იმართება, მიზნად ისახავს საბანკო სერვისების, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების და მომხმარებელზე ორიენტირებული საკითხების განხილვასა და გაუმჯობესებას. 2022 წლის ღონისძიებაში მონაწილეობა საბანკო სექტორის, საჯარო და არასამთავრობო სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …