NGFS პაპუნა ლეჟავასთან ინტერვიუს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ მწვანე და მდგრადი დაფინანსების ქსელთან (Network for Greening and Financial Systems) მდგრადი დაფინანსების საკითხებზე ისაუბრა. ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელი ფინანსური სისტემის „გამწვანებისთვის“  აერთიანებს სხვადასხვა ცენტრალურ ბანკებს. ორგანიზაციის მიზანს წევრებს შორის გამოცდილების გაცვლა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ფინანსურ სექტორში გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების რისკის მართვის განვითარებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს.

NGFS-მა დაიწყო ინტერვიუების სერია, სადაც წევრი ქვეყნების წარმომადგენლები თემატურ საკითხებს განიხილავენ. პაპუნა ლეჟავამ აღნიშნული სერიის ფარგლებში ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. მისი განცხადებით, ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი ფინანსური სისტემა, რომელიც სოციალური და გარემოსდაცვითი რისკების მართვას გულისხმობს და, ამასთანავე, მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.

როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯს 2019 წელს მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის გამოქვეყნება წარმოადგენდა. გზამკვლევი ყველა იმ ნაბიჯს აერთიანებს, რომელსაც ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების, მათ შორის კლიმატის ცვლილების მიმართულებით დგამს. სამოქმედო გეგმაში აღწერილი ღონისძიებების უმრავლესობა განხორციელების პროცესშია. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხები ინტეგრირებულია კორპორაციული ბანკების და ფასიანი ქაღალდების კორპორაციული მართვის კოდექსებში. ეროვნულმა ბანკმა ასევე შეიმუშავა ESG  საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შაბლონი, 2021 წელს კი მდგრადი დაფინანსების წლიური ანგარიშის გამოქვეყნება დაიწყო. მიმდინარე ეტაპზე ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიაზე და ფინანსური სექტორის კლიმატთან დაკავშირებული რისკების მიმართ მოწყვლადობის ანალიზზე. ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების დღის წესრიგი სხვა ეროვნულ სტრატეგიებსა და ინიციატივებსაც შეესაბამება.

“უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როცა საქმე ისეთ  გლობალური პრობლემის გადაჭრას ეხება, როგორიც კლიმატის ცვლილებაა, რომლის მოგვარებაც  ერთი ქვეყნის მიერ შეუძლებელია,   საჭიროა გლობალური კოორდინაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ცენტრალურმა ბანკებმა და ფინანსურმა ზედამხედველებმა კლიმატთან დაკავშირებული საკითხების შესახებ პოლიტიკისა და რეგულაციების მხრივ მნიშვნელოვანი  მიღწევები აჩვენეს, ეს თემა ჯერ კიდევ შედარებით ახალია და აშკარაა საერთო მიდგომებისა და სტანდარტების საჭიროება. ამიტომ აუცილებელია ცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც ლიდერობის ფუნქციას იტვირთავს და სხვადასხვა მოთამაშეს გააერთიანებს. NGFS-მა ეს როლი წარმატებით შეითავსა. NGFS-ის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები ფასდაუდებელია ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველებისთვის. ეროვნულ ბანკში ვითვალისწინებთ NGFS-ის  რეკომენდაციებს და ასევე  სხვა წევრების გამოცდილებას” – აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.

 

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …