თბილისი (BPI) – საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), სებ-თან მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის მომზადების მიზნით ითანამშრომლა. გზამკვლევი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა, საფინანსო სექტორს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის რისკების მართვის გაუმჯობესებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მეტი კაპიტალის მოზიდვას იმ სექტორებში და პროექტებში, რომლებიც გარემოსდაცვის და სოციალური თვალსაზრისით დადებით ზეგავლენას მოახდენს.
IFC-მ, მდგრად საბანკო ქსელთან (SBN) ერთად, (რომლისთვისაც IFC სამდივნოს და ტექნიკური მრჩევლის როლს ასრულებს) საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელი შეუწყო ახალი გზამკვლევის შემუშავებაში, რომელიც განსაზღვრავს ბანკის მიერ განსახორციელებელ სამომავლო ღონისძიებებს საქართველოში მდგრადი დაფინანსების განვითარების მხარდასაჭერად. გზამკვლევის მიზანია სანდო, პროგნოზირებადი და სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩოს უზრუნველყოფა, რომელიც ბაზარს მდგრად დაფინანსებაზე გადასასვლელად მოამზადებს.
„მდგრადი დაფინანსება ძალზე მნიშვნელოვანია სტაბილური განვითარების მისაღწევად. წარმატებული ტრანსფორმაცია მდგრადი დაფინანსების მიმართულებით მტკიცე, თანმიმდევრული ქმედებების ერთდროულ განხორციელებას მოითხოვს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორის მხრიდან. ახალი გზამკვლევი თავს უყრის ღონისძიებებს, რომლებსაც ჩვენ 2017 წლიდან ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისა და რისკის მართვის პროცესებში ხელი შევუწყოთ გამჭვირვალობის და გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების ინტეგრაციას,“ განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას და განვითარებად ბაზრებზე SBN-ის 36 წევრი ქვეყნის მიერ დაგროვილ გამოცდილებას ითვალისწინებს. გზამკვლევში თავმოყრილი ღონისძიებები კომერციულ ბანკებს და სახელმწიფო კომპანიებს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება, რადგანაც მსოფლიოში ინვესტორებს შორის სულ უფრო იზრდება სოციალური და გარემოსდაცვის თვალსაზრისით პასუხისმგებლობიანი და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერის ტენდენცია. ასეთი პროექტების ხელშეწყობა კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერის ჭრილში საქართველოში IFC-ის საქმიანობის ნაწილია.
სამხრეთ კავკასიაში IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა იან ვან ბილსენმა აღნიშნა: „მდგრადობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიზნესის წარმატებისთვის. მდგრადი დაფინანსების პრინციპების დაცვა ბანკებს და კაპიტალის ბაზრებს დაეხმარება მოიზიდოს მეტი პასუხისმგებლობიანი ინვესტორი და ახალ შესაძლებლობებს შექმნის დაფინანსების ისეთი წყაროების გასაზრდელად, როგორიცაა მაგალითად „მწვანე“ ობლიგაციების ემისია.“