მოთხოვნა ნამახვანჰესის სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობის შესახებ ეკონომიკის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა და საქმე სასამართლოში მიდის

ეკონომიკის სამინისტრომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მოთხოვნა ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ მშენებლობის ნებართვა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2020 წლის აპრილში, სავალდებულო დოკუმენტაციისა და დასაბუთების გარეშე უკანონოდ გასცა. ნამახვანჰესზე გაცემული ნებართვის შესწავლა ცხადყოფს, რომ დასაბუთებისა და დოკუმენტაციის კანონში გათვალისწინებული პროცედურა კომპანიას დაცული არ აქვს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე პროექტი შეჩერებულია, ხოლო ინვესტორმა კომპანიამ სახელმწიფოს ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა, ეს სამშენებლო ნებართვის ბათილობას არ ნიშნავს. ამავდროულად, პროექტის დღევანდელი, ბუნდოვანი მდგომარეობა პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს უკანონო ნებართვის გამცემ უწყებებს. ამიტომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს მნიშვნელოვნად მიაჩნია მიმდინარე სამართლებრივი დავის გაგრძელება, მათ შორის სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში განმარტავენ, რომ ნებართვის გაცემის შესწავლა ცხადყოფს სააგენტოს წარმომადგენელთა ლოიალურ დამოკიდებულებას კომპანიის მიმართ. უფრო მეტიც, პირობიანი მშენებლობის ნებართვის გაცემისას, სააგენტომ გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას და ნებართვის მაძიებელს თვითონვე შესთავაზა გზა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გამარტივებული წესით, კონკრეტული პირობებით და სავალდებულო დოკუმენტაციის სამომავლოდ წარმოდგენის პირობით გაეცა მშენებლობის ნებართვა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით „პირობიანი მშენებლობის ნებართვის გამარტივებულად გაცემის საფუძველია ნებართვის მაძიებლის მიერ სააგენტოში წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობა, სადაც კონკრეტულად უნდა იქნეს მითითებული ის გარემოებები, რის გამოც ნებართვის მაძიებელი ვერ ახერხებს სრული სამშენებლო დოკუმენტაციის სააგენტოში წარდგენას. მხოლოდ აღნიშნული შუამდგომლობა შეიძლება გახდეს სააგენტოს მიერ გამარტივებული წესით მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი“. მიუხედავად კანონის ცალსახა მოთხოვნისა, დასაბუთებული შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ გვხვდება და, შესაბამისად, არც არსებობს.

“2021 წლის 13 და 22 დეკემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ნამახვანი ჰესის პროექტზე გაცემული სამშენებლო ნებართვის გაუქმების მოთხოვნით სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული ადმინისტრაციული სარჩელის ზეპირი მოსმენა გაიმართა. ზეპირმა მოსმენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სააგენტომ ცალსახად უგულებელყო კანონის მოთხოვნები, როდესაც პროექტის განმახორციელებელზე პირობიანი ნებართვა გასცა, გამარტივებული წესით და სრული საპროექტო დოკუმენტაციისა თუ საექსპერტო დასკვნების ჩაბარების გარეშე. ზეპირი მოსმენების განმავლობაში სააგენტოს წარმომადგენლებმა ვერ განმარტეს რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობოდა მათი გადაწყვეტილება გამარტივებული წესით და შემჭიდროვებულ ვადებში გაეცათ მშენებლობის ნებართვა. მათი პასუხი, რომლის მიხედვითაც პროექტის „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და სოციალური დანიშნულების“ დასაბუთება აუცილებელი არ არის, კანონს პირდაპირ და აშკარად ეწინააღმდეგება.

ზეპირ მოსმენაზე სააგენტომ აღიარა, რომ ნებართვის გაცემისას „ენკას“ წარმოდგენილი არ ჰქონდა სრული საპროექტო დოკუმენტაცია. სააგენტოს განცხადებით, ნებართვის ძიების ეტაპზე კომპანიამ ვერ წარმოადგინა სრული საპროექტო დოკუმენტაცია და კვლევები, რაც იმით ახსნა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე ის სრულად არ ფლობდა საჭირო მიწის ნაკვეთებს. ნიშანდობლივია, რომ სააგენტომ არ დაადასტურა, რომ 2019 წელს „ენკას” 600 ჰექტარი მიწა გადაეცა, სააგენტოს წარმომადგენლის მტკიცებით ჩანს, რომ სააგენტომ სამშენებლო ნებართვა სხვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გასცა, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

პროექტის განმახორციელებელი ჯერ კიდევ 2017 წელს შეირჩა, ხოლო ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. „ენკას“ საკმარისი დრო და საშუალება ჰქონდა, რომ სრულყოფილად მოემზადებინა და წარედგინა დოკუმენტაცია “სააგენტოში”, რაც მან არ განახორციელა. „სააგენტომ“ კი, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება, ან გაეგრძელებინა ვადა და მოეთხოვა ნებართვის მაძიებლისთვის ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენა, ან უარი ეთქვა ნებართვის გაცემაზე, კომპანიას თავადვე შესთავაზა გამარტივებული წესით ნებართვის აღება. დამატებითი შეღავათები ამით არ ამოიწურება. 2021 წლის მარტში, სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა ენკას ერთი წლით, 2022 წლის თებერვლამდე გაუხანგრძლივდა.

პასუხგაუცემელი რჩება კითხვა ინტერესთა კონფლიქტის შესახებაც. არქიტექტურულ პროექტზე წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა მომზადებულია „გროს ენერჯი ჯგუფის“ მიერ. როგორც ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან ირკვევა, „გროს ენერჯი ჯგუფი“ „ენკა რინიუებლზის“ კონტრაქტორი იყო და მას სამშენებლო დოკუმენტაციას უმზადებდა. ინტერესთა კონფლიქტი აშკარაა, რადგან „გროს ენერჯი ჯგუფმა“ მოამზადა მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში გამოყენებული ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტებიც, როგორიცაა „ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი“, „ნახაზების ალბომი“ და სხვა. შესაბამისად, „გროს ენერჯი ჯგუფმა” ერთი მხრივ საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა, მეორე მხრივ კი მათივე საექსპერტო შეფასებაც. სააგენტოს განმარტების მიხედვით, „გროს ენერჯი ჯგუფის“ მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა არა მთლიან პროექტს, არამედ მის ერთ ნაწილს ეხება; თუმცა, ექსპერტიზის ფარგლები ინტერესთა კონფლიქტს ვერ გამორიცხავს. ნათელია, რომ „გროს ენერჯი ჯგუფმა“, ფაქტობრივად, მისივე ძალისხმევით მომზადებული დოკუმენტები შეაფასა.

მიუხედავად ამ აშკარა დარღვევებისა, ჩვენი მოთხოვნა მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის შესახებ სამინისტრომ არ დააკმაყოფილა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გადაწყვეტილების შესახებ სასამართლო დავას იწყებს”, – განმარტავენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …