საქართველოს ეკონომიკური ზრდა შენელდება უკრაინაში მიმდინარე ომის ზემოქმედების გამო – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები სერიოზულ გავლენას ახდენს მსოფლიოს ქვეყნებზე, და მთავარი დარტყმა მოსალოდნელია ევროპის და ცენტრალური აზიის ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებზე.

წელს მოსალოდნელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკის ვარდნა 4.1 პროცენტით, ომამდე პროგნოზირებული 3 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, რამდენადაც ომით გამოწვეული ეკონომიკური შოკი ემატება COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის მიმდინარე ზემოქმედებას. ბოლო წლების განმავლობაში ეს  მეორე ეკონომიკური რეცესია იქნება, რომელიც თავისი მასშტაბით ორჯერ გადააჭარბებს პანდემიით გამოწვეულ 2020 წლის ეკონომიკურ ვარდნას.

უკრაინის ეკონომიკაში სავარაუდოდ 45.1 პროცენტიანი ვარდნაა მოსალოდნელი, თუმცა, მისი სიმძლავრე დამოკიდებული იქნება ომის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. უპრეცედენტო სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკა უკვე ღრმა რეცესიაშია, რის გამოც მთლიანი გამოშვება 2022 წელს 11.2 პროცენტით შემცირდება.

„ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის მასშტაბი შემაშფოთებელია. რუსეთის შეჭრა მასიურ დარტყმას აყენებს უკრაინის ეკონომიკას და უდიდესი ზიანი მოაქვს ინფრასტრუქტურისთვის. უკრაინა დაუყოვნებლივ საჭიროებს მასიურ ფინანსურ დახმარებას,  რამდენადაც მას უწევს ეკონომიკის ფუნქციონირების შენარჩუნება, და ამასთან ერთად, მთავრობა ცდილობს უკრაინელი მოქალაქეების მხარდაჭერას, რომლებიც იტანჯებიან და უკიდურესად მძიმე სიტუაციასთან გამკლავებას ცდილობენ”, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ.

უკრაინაში მიმდინარე ომი სავარაუდოდ ასევე უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე ვაჭრობის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების შემცირების, ისევე როგორც გაზრდილი სასაქონლო ფასების გამო. ომის დაწყების შემდეგ ნავთობის და სურსათის ფასები მკვეთრად გაიზარდა გაურკვევლობისა და რუსეთისა და უკრაინის მხრიდან მიწოდების შეფერხების გამო. ეს ზემოქმედებები გამოიწვევენ საქართველოს ზრდის შენელებას, და მოსალოდნელია, 2022 წლისთვის თავდაპირველად პროგნოზირებული 5,5 პროცენტიანი ზრდის 2,5 პროცენტამდე ვარდნა. საბაზისო პროგნოზი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის აღდგენას 2023 წლიდან ვარაუდობს, რამდენადაც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემსუბუქება, ტურიზმის გამოცოცხლება და ეკონომიკური კავშირების აღდგენა ნაწილობრივ დაბალანსდება ფისკალური სტიმულის ეტაპობრივი  შემცირებით.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ველით 2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდის შესუსტებას, საქართველო კარგ პოზიციაში იმყოფება რომ მართოს ომით გამოწვეული ზემოქმედება გონივრული ფისკალური და გარე ბუფერების მეშვეობით და მტკიცე მაკრო-საფინანსო ჩარჩოთი. საბანკო სექტორი კრიზისში შედარებით ძლიერი პოზიციით შედის, სამთავრობო დეპოზიტები მნიშვნელოვანი მოცულობისაა და ვალი მდგრადობას ინარჩუნებს. ახლა საჭიროა გაგრძელდეს ეკონომიკის გონივრული მართვა, დაზარალებული ბიზნესებისა და ოჯახების მხარდაჭერა, და ამავდროულად, სტრუქტურული რეფორმების გაძლიერება პროდუქტიულობის გაზრდის, ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილების შედეგებზე რეაგირების მიზნით,“- აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.

ომმა გაზარდა მკვეთრი გლობალური ეკონომიკური ვარდნის,  ინფლაციისა და ვალის გაზრდისა და სიღარიბის დონის მატების საფრთხე. ეკონომიკური ზემოქმედება მრავალი არხის მეშვეობით გამოიხატა, მათ შორის, სასაქონლო და საფინანსო ბაზრებზე, ვაჭრობის და მიგრაციის კავშირებზე, და ნდობაზე უარყოფითი ზემოქმედების ჩათვლით.

ომით გამოწვეული ღრმა ჰუმანიტარული კრიზისი თავდაპირველი გლობალური შოკის გამოხატულებაა, რომელიც კონფლიქტის გრძელვადიანი ეფექტი იქნება.  მოსალოდნელია, რომ ლტოლვილების ტალღა უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში წინა კრიზისებს გადააჭარბებს. შედეგად, მასპინძელი ქვეყნების და ლტოლვილთა თემების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება, და მსოფლიო ბანკი ამზადებს ოპერაციული დახმარების პროგრამებს მეზობელი ქვეყნებისთვის დაფინანსების გაზრდილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ლტოლვილების მზარდი რაოდენობის გამო.

ომით გამოწვეული ნავთობის ფასების ზრდა ასევე ხაზს უსვამს ენერგოუსაფრთხოების საჭიროებას განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მიწოდების გაძლიერების და ფართომასშტაბიანი ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების საშუალებით.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …