ლიბერთი განათლებისთვის ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

ათასწლეულის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2023 წლისთვის.
კონკურსის პირველ ადგილზე გასული გუნდი 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის ბანაკში. მეორე ადგილზე გასულ გუნდს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში გააგზავნის, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი, ლიბერთი ბანკის დაფინანსებით, შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებს.
წელს, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2006 წლის 2 აპრილიდან – 2010 წლის 1 აპრილის პერიოდში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად. გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური – ხუთი. კონკურსში მონაწილე გუნდებმა უნდა წარმოადიგონ მათ მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში, ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება.
„ვიწყებთ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2023 წლისთვის. კონკურსი ემსახურება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიებისადმი (STEM დარგები) ახალგაზრდების დაინტერესებას, ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას. კონკურსის მონაწილეთა უმეტესობა სწორედ STEM დისციპლინებში აგრძელებს განათლებას, რაც ვთვლით რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დარგებშია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების დიდი მოთხოვნა“, – აღნიშნავს მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
„ლიბერთისთვის დიდი პატივია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორობა. წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის ღირებულებათა თანხვედრას ეფუძნება. ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო მიზანი – ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ცოდნის მიღებასა და მომავლის პროფესიებისადმი დაინტერესებაში. ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლების მხარდაჭერაა და მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ ნიჭიერი, სიახლეების მაძიებელი, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების თანადგომას. – აცხადებს თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების
შექმნის წახალისება. კონკურსში დღეისათვის 2,500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.
კონკურსის ძირითადი პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და ლიბერთი ბანკი. კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით. პროექტის მხარდამჭერები არიან სხვადასხვა კომპანიები და ორგანიზაციები.
2023 წლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ი განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 6 მარტი.
კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://millennium.org.ge/geo/events/detailed/15. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ.: (0)322 281 185.

შემთხვევითი სიახლე

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში – რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

თუ გსურს, ისწავლო  პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები  და დაიწყო სვლა მომავალი …