საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიერ „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურის“ 100%-იანი წილის შეძენაზე თანხმობა გასცა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოსალოდნელი კონცენტრაცია (გაერთიანება/შერწყმა) კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია. შესაბამისი ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს.
ბაზარზე მოქმედი 58 ეკონომიკური აგენტისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გამოიკვეთა რომ სტაციონარულ დონეზე – ბაზრის მოცულობა შეადგენს 1 126 838 216 ლარს, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) არის – 413, რაც დაბალკონცენტრირებულ ბაზარს ნიშნავს.
ამბულატორიულ დონეზე – ბაზრის მოცულობა შეადგენს 427 251 439 ლარს. HHI – ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი არის – 646, რაც ასევე დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამისად, ორი კომპანიის გაერთიანების შედეგად სტაციონარულ და ამბულატორიულ დონეზე ბაზარი უმნიშვნელოდ მსხვილდება.
სტაციონარული დონეზე დღეს ყველაზე მსხვილ ეკონომიკური აგენტს საქართველოში „ევექსის ჰოსპიტლები“ წარმოადგენს, ხოლო ამბულატორიულ დონეზე ყველაზე მსხვილ ეკონომიკურ აგენტად „ავერსის კლინიკა“ ფიქსირდება.
კონკურენციის კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში შეთანხმებას ექვემდებარება გაერთიანება, თუ ორი კომპანიის ერთობლივი ბრუნვა 20 მლნ ლარს აღემატება და თითოეულის არანკლებ 5 მლნ. ლარია. სააგენტოს გვერდის ავლით გაერთიანება გულისხმობს 5%-მდე საჯარიმო სანქციას შემსყიდველის მიმართ. კონცენტრაციის საფასური 5000 ლარს შეადგენს.
2021 წელს, ქვეყანაში სულ 21 423 კონცენტრაცია განხორციელდა. 2 კონცენტრაცია შედგა სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინებით. ერთი კონცენტრაცია (გაერთიანება) წინასწარი შეტყობინების გარეშე, ეკონომიკურ აგენტს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა. საკითხის შესწავლის შემდეგ გაიცა თანხმობა. ამ ეტაპზე, შესწავლის რეჟიმშია – მშენებლობის და სამშენებლო მასალების ვაჭრობის ბაზარზე მოქმედი ორი კომპანიის გაერთიანება.