თბილისი (BPI) – თბილისის მერიამ ავტობუსების მწარმოებელ თურქული კომპანია Anadolu Group-თან ISUZU-ს 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის შესაძლო გრაფიკი და ტექნიკური პარამეტრები უკვე შეაჯერა.
თურქული კომპანია, შეთანხმებული პარამეტრების მიხედვით, ივნისის ბოლოსთვის დაამზადებს ავტობუსის პროტოტიპს და შემსყიდველის თანხმობის შემდეგ დაიწყება 220 ავტობუსის წარმოების პროცესი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, თანამედროვე EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, საზოგადოებრივი ავტობუსების ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯი თი გრუპისა“ და ISUZU-s მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის მიწვევით, ISUZU-ს მწარმოებელ კომპანიაში ავტოტრასნპორტის წარმოების პროცესს გაეცნენ.