ISET ეკონომისტი

როგორ შექმნა უკრაინამ შესაძლებლობა, სამყარო უკეთესი გახდეს, და იყენებს თუ არა ამ შანსს სამყარო?

ოპედი: თამარ სულუხია, ISET-ის დირექტორი

უკრაინაში ომი ახალდაწყებული იყო, როდესაც დავწერე (ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ვებ-გვერდსა და Georgian Times-ში), რომ უკრაინის მოვლენები მსოფლიოს შანსს აძლევს გახდეს უკეთესი, ვიდრე ის აქამდე იყო. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ მოვლენები ასე წარმოუდგენლად მძიმედ განვითარდებოდა და ომის 3 კვირის თავზე კიდევ უფრო დიდი და, ვიტყოდი, განუსაზღვრელი ადამიანური და გლობალური ტრაგედიის მომსწრენი ვიქნებოდით. ამიტომ ვუბრუნდები ამ აქტუალურ თემას.

პატრიოტიზმის და ფასეულობების ძალა 21-ე საუკუნეში: კაცობრიობის განვითარებას ისტორიის ყველა ეტაპზე ინდივიდების სანიმუშო, გმირული მაგალითები, მათთან დაკავშირებული მოვლენები და ხალხზე, მათ სხადავასხვა ჯგუფზე ამ მაგალითების და მოვლენების დადებითი გავლენა ამოძრავებდა.  ლიდერების გავლენა ხშირად არასასიკეთო და ბოროტებისაკენ მიმართული იყო და არის, ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ გმირული მაგალითები ხშირად სრულიად მოულოდნელად წარმოიშობოდა ჩვეულებრივი ადამიანებისაგან და ისტორიასაც რჩებოდა. სწორედ ასეთია უკრაინის ამჟამინდელი მოვლენა, პრეზიდენტ ზელენსკის, მთავრობის და ჩვეულებრივი ადამიანების დაუჯერებელი ერთგულება თავისი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული, თავისუფალი მომავლისადმი. ქვეყნის ამ არჩევანმა, რომელიც წარმოუდგენელი ტრაგედიის ფონზე წარიმართა, დღეს მთელ მსოფლიოს პატრიოტიზმის აღსაფრთოვანებელი მაგალითი აჩვენა და ცოტა მივიწყებული და ნოსტალგიად ქცეული პატრიოტიზმის და ერის ერთიანობის თანამედროვე მოდელი შეუქმნა. უკრაინა უკვე 3 კვირაა უდიდეს წინააღმდეგობას უწევს აქამდე უძლეველი არმიის იმიჯის მქონე რუსეთს, რითაც მსოფლიოს აჩვენებს, რომ მაღალგანვითარებული ერისათვის თავისუფლების და დემოკრატიის მორალური და სულიერი ფასეულობა 21-ე საუკუნეშიც შეიძლება იყოს უპირატესი თანამედროვე უზრუნველყოფილი ცხოვრების ყოველდღიურ ყოვლისმომცველ  კომფორტთან შედარებით, თუ ასეთი არჩევანის დილემა დადგა.

დემოკრატია არ არის მუდმივი მოცემულობა და მის დასაცავად დემოკრატიულ სამყაროს დასჭირდება ერთიანი ბრძოლა: უკრაინის ომმა დაანახა განვითარებულ ქვეყნებს, რომ დემოკრატია არ არის მუდმივი მოცემულობა, მას გარედან კვლავ ემუქრება საფრთხე და  სჭირდება დაცვა. ამ ფიზიკურ და იდეოლოგიურ ბრძოლას დემოკრატიის დასაცავად ყველა დემოკრატიული ქვეყნის ერთიანობა და ჩართვა ჭირდება, რადგან თუ დემოკრატია დამარცხდა ერთ ქვეყანაში, ამჯერად უკრაინაში, ეს საწინდარი იქნება იმ ჯაჭვისა, რომელმაც ტოტალური საფრთხე შეიძლება შეუქმნას მთელ დემოკრატიულ სამყაროს. უკრაინა ითხოვს ცის დახურვას ქვეყნის თავზე, რაც დასავლეთის ქვეყნებმა დროულად უნდა გაითავისონ, სანამ მსხვერპლი კიდევ უფრო დიდი იქნება.

თვალსაჩინოებისათვის გავაკეთოთ მარტივი ტესტი:

შენ კაფეში ზიხარ შენს შვილებთან ერთად და ნამცხვარს მიირთმევ. შენს გვერდით მაგიდაზე მჯდომ შენდაგვარ ჩვეულებრივ ბავშვიან ოჯახს, რომელიც ასევე ნამცხვარს მიირთმევს, ცნობილი მოძალადე-კრიმინალები დაემუქრებიან, სცემენ, მოერევიან და თქვენ თვალწინ ბავშვს მოუკლავენ. როგორ იქცევით ამ სიტუაციაში თქვენ:

ა. გააგრძელებთ ნამცხვრის ჭამას (პოზიცია: ეს არ არის ჩემი საქმე)

ბ. მოუხმობთ დახმარებას, დაურეკავთ პოლიციას (პოზიცია: სხვის იმედზე ყოფნა, ინსტიტუციების იმედი)

გ. დაზარალებულ ოჯახს გადაუხდით ანგარიშს, შესთავაზებთ წყალს, რომ დაეხმაროთ დამშვიდებაში, წაიყვანთ სახლში (პოზიცია: ჰუმანიტარული, ფინანსური დახმარება)

დ. კონფლიქტის დროს დაზარალებულ ოჯახს მიაწოდებთ შუშის ბოთლს, რათა მათ ეს თავდაცვის აირაღად გამოიყენონ (პოზიცია: იარაღის მიწოდება)

ე.  ჩაერთვებით, ფიზიკურად დაეხმარებით კრიმინალების მოგერიებაში და ოჯახში მსხვერპლის აცილებაში (პოზიცია: ეს მე მეხება, დროა ვიმოქმედო)

არ ვიცი, ვინ რა პასუხს გავცემთ, მაგრამ დამეთანხმებით, პასუხი (ა) მორალურად მიუღებელი ვარიანტია და დანაშაულის ტოლფასი იყო კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე. (ბ), (გ) და (დ) არის ‘გულისხმიერი’ და სოლიდარული პოზიციები, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთადერთი სწორი პასუხი შეიძლება აღმოჩნდეს (ე). არა მარტო იმიტომ, რომ ის ყველაზე მაღალმორალურია, არამედ იმიტომაც, რომ თუ მეზობელ მაგიდაზე მსხდომ თქვენნაირ ოჯახს მოერევიან ბოროტები, მაშინვე ან ხვალ-ზეგ თქვენ მოგადგებიან და შეიძლება თქვენი შვილიც მოკლან. უკრაინის ანალოგს თუ ავიღებთ, მისმა მხარდამჭერმა სამყარომ ამ ტესტში ჯერ-ჯერობით პასუხებად (ბ) (გ) და (დ) აირჩია. უკრაინა იღებს (ბ) საერთაშორისო ინსტიტუციების დაიმედებას, (გ) ჰუმანიტარულ დახმარებას, ლტოლვილების უდიდეს მხარდაჭერას და (დ) იარაღს, მაგრამ მას სჭირდება სხვა ჩარევაც – რაც ამ ეტაპზე თუნდაც ქვეყნის თავზე ცის დახურვაში გამოიხატება.

დემოკრატიული სამყარო ბჭობს და თავის არგუმენტებს ისევ ჰუმანური საწყისებით ხსნის. დასავლეთი თვლის, რომ NATO-ს და დასავლეთის ქვეყნების ამგვარი ჩართულობა პროვოცირებას გაუკეთებს რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებას, მესამე მსოფლიო ომს და გლობალურ კატასტროფას. მართლაც, თუ თქვენი ჩარევა თქვენნაირი ოჯახისადმი აგრესიის მოგერიებაში გამოიწვევს თქვენივე ოჯახის მიმართ აგრესიას და უამრავი ხალხის მსხვერპლს, არის ეს სწორი და რაციონალური ნაბიჯი? არა. მაგრამ თუ შემდეგი მაინც შენ ხარ? თუ უკრაინა დამარცხდება, შემდეგი სხვა ქვეყნებიც იქნება და ბირთვული იარაღის და გლობალური კატასტროფის შიშით მსოფლიო შეიძლება ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ საბჭოთა კავშირის აღდგომის მომსწრე გახდეს. ხომ შესაძლებელია, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ან 2014 წელს ყირიმის ანექსიაზე დროული და საჭირო საერთაშორისო რეაგირებით, დღევანდელი ომი  და განუზომელი ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა.

სრულიად გააზრებულად ვეთანხმები იმას, რომ კრიზისის მენეჯმენტს და გამოწვევების გამკლავებას ცივი გონებით და ანალიტიკურად ჭირდება მიდგომა. მაგრამ არ დავხუჭოთ თვალები იმაზე, რომ დღეს სამყაროს აქვს შანსი, დროულად აირჩიოს სწორი პასუხი, აირიდოს დემოკრატიის იდეოლოგიური კრახი და კომპეტენტური საერთაშორისო ინსტიტუციების იმიჯის  რღვევა, და გახდეს კიდევ უკეთესი, სანამ უკრაინაში და მის მიღმა მსხვერპლის და ზარალის დათვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი და მორალური დილემა

ზემოთქმული მოსაზრების მიუხედავად, დემოკრატიული სამყარო არასოდეს ყოფილა ასეთი ერთიანი და სოლიდარული. დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მძიმე სანქციების პაკეტები, ასეულობით კომპანიის გამოსვლა რუსეთის ბაზრიდან, მილიარდობით დოლარის დახმარება, ათასობით ცნობილი ფიგურის ხმამაღალი მხარდაჭერა, მთელ მსოფლიოში მილიონობით ჩვეულებრივი ადამიანის (მაღალ თუ დაბალშემოსავლიანი ადამიანების) მიერ უკრაინისათვის გადარიცხული თანხები და შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება, ვისაც რა შეუძლია, ტოლვილებზე ზრუნვა, ასევე უცხოელი მოხალისეები, რომლებიც უკრაინის დასახმარებლად იარაღით ხელში იბრძვიან, არის ის, რამაც დღეს მსოფლიო გააერთიანა პუტინის ბოროტების მანქანით აღშფოთებით, უკრაინელებისადმი აღფრთოვანებით და მათი ტრაგედიის გაზიარებით.  სანქციები მეტად დამაზიანებელია არა მარტო რუსეთისა და იმ კონკრეტული პირებისთვის, ვისაც ისინი შეეხო, არამედ ეკონომიკური დარტყმაა თვით იმ ქვეყნებისთვისაც, ვინც ამ სანქციებს აწესებს, და იმ კომპანიებისთვის, ვინც რუსულ ბაზარს ტოვებს. მაგალითად, დასავლეთი ცდილობს განსაზღვროს, თუ როგორ დააღწიოს თავი ენერგეტიკულ კრიზისს რუსული იმპორტის არარსებობის პირობებში და დაზოგვის სხვადასხვა რადიკალურ სცენარს ამუშავებს. მაგრამ ეს გადაწყვეტილებები არ ეფუძნება ეკონომიკურ ასპექტს, მოგება-წაგების ანალიტიკას და ‘კომფორტის ზონის’ შექმნას, არამედ იმ უფრო მნიშვნელოვან იდეოლოგიურ ფასეულობას, რომელსაც დემოკრატიული და საკაცობრიო ფასეულობების დაცვა ჰქვია. სამყარო მკვეთრად დაიყო 2 მხარედ – ნათელ და ბნელ მხარეებად და ყველას აქვს შესაძლებლობა აირჩიოს თავისი სწორი ადგილი. დღეს, სუპერ-ტექნოლოგიების და უმაღლესი ინტელექტუალური შესაძლებლობების დროში, შუაში ვეღარ დადგები და ვერც ჩუმად იქნები, ყველაფერი მარტივად გამოდის სააშკარაოზე.

18 მარტს მოსკოვში გამართულ ‘სახალხო ზეიმზე’ ყირიმის ანექსიის 8 წლისთავის აღსანიშნავად და პუტინისა და უკრაინაში მისი ომის მხარდასაჭერად კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დემოკრატიულ სამყაროსა და რუსეთს შორის წარმოშობილი ნაპრალის იქითა მხარეს ბევრი  ადამიანია და პუტინის სოციალური კონტრაქტი თავის ხალხთან (მის მნიშვნელოვან ნაწილთან) ჯერ კიდევ სრულიად ძალაშია. მნიშვნელოვანი ასპექტია მსოფლიოში ძალთა ახალი ბალანსის ჩამოყალიბებაში ჩინეთის პოზიციაც, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის ცნობილი. ვნახოთ, გადაძალავს თუ არა მასში ეკონომიკური ინტერესები მორალურ დილემას და გაუმართავს თუ არა ის ხელს რუსეთის ომს.

დღეს ყველას გვაქვს შანსი, დავდგეთ დემოკრატიის და ჰუმანისტური ფასეულობების მხარეს, უკეთესი მომავლის მხარეს. მადლობა და გამარჯვება უკრაინას!

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …